თამარ ბოჭორიშვილი

თამარ ბოჭორიშვილის (დაბ. 1980, ქუთაისი) ნამუშევრები საკუთარი თავის ძიებისა და შემეცნების შესახებ თხრობაა. განსხვავებული მასალისა და ტექნიკის შეთავსებით შექმნილი გრაფიკული ნახატები და ობიექტები წარსული გამოცდილების, დრამატიზმისა და მოულოდნელი მომავლის მოლოდინის შესახებ ყვება.

ნამუშევრები წარმოადგენენ მცირე ზომის ობიექტებსა და ქაღალდზე შესრულებულ ნახატებს. ისინი ერთი მხრივ მხიარულია და თამაშს (სათამაშოს) ჰგავს, მეორე მხრივ გამოხატავს ისეთ თემებს, როგორიცაა: ოჯახი და საზოგადოება, სხეული და სექსუალობა, სიკვდილი და ქვეცნობიერი. ნამუშევრები ფორმას იღებენ პერსონალური და კოლექტიური გამოცდილებიდან, იცვლებიან თხრობითობის მნიშვნელობების მიხედვით. ისინი მეტყველებენ ისეთ ძირეულ საკითხებზე, რომლებიც საზოგადოების ყველა დონეზე დომინირებს და დრამატული კონტექსტიდან მხიარულ თამაშის ფორმებში გარდაიქმნებიან.