გვანცა ჯიშკარიანი - SAVANNA SAVAGE*
ბარბიუსის ქ. 6, ბათუმი, საქართველო
Project ArtBeat და TBC სტატუსი წარმოგიდგენთ გვანცა ჯიშკარიანის ნამუშევრების სოლო გამოფენას SAVANNA SAVAGE* ქალაქ ბათუმში.
“ბოლო დროს ბევრს ვფიქრობდი შემთხვევითობაზე. რატომ უგულვებელვყოფთ ან უარვყოფთ, რომ თითქმის ყველაფერი, რაც ცხოვრებაში ხდება, შემთხვევითია. რატომ ვეძებთ ახსნას, კონცეპტებს, მნიშვნელობებს, რატომ არ არსებობს ადგილი ინტუიციური მოქმედებებისა და შემთხვევითობებისთვის. ეს ფოტოები არც წინასწარ დამიგეგმავს, არც მათი მოლოდინი არსებობდა. ისინი შემთხვევითია - მათი რედაქტირება არასდროს მიცდია. იმის მიუხედავად, რომ ფოტოები შემთხვევითია, გამოსახულებები კი დაუგეგმავი და დაურედაქტირებელი - ისინი მისდევენ დროს: თუ ერთ რიგად დავაწყობთ, ერთიან უსასრულო გამოსახულებას მივიღებთ, დროის უსასრულო ხაზს. ფოტოები ნახევრად გამჭვირვალეა და მთლიანი გამოსახულების აღქმა მხოლოდ დისტანციიდანაა შესაძლებელი. ცხოვრებაშიც ასეა: ზოგჯერ, მოვლენათა ხელახლა გააზრებისთვის საჭიროა ერთი ნაბიჯი უკან გადავდგათ. მეც ასე მოვიქეცი, ერთი წლის წინ, როცა ჩემს შემოქმედებაში დიდი ცვლილების დრო დადგა და ნამუშევრებში ფოტოების გამოყენება დავიწყე. და თუ თითქმის არაფერი მახსოვს 13 წლის საკუთარ თავზე, ესაა როგორც ვისურვებდი 26 წლის დამახსოვრებას.” – გვანცა ჯიშკარიანი, 2017.
გვანცა ჯიშკარიანი (დაბ. 1991, რუსთავი, საქართველო).
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, გვანცამ გაიარა არაფორმალური სამაგისტრო პროგრამა ინკლუზიურ მედიაციაში თანამედროვე ხელოვნების ცენტრში. მან, ათ ქართველ ქალ არტისტთან ერთად, 2014 წელს ჩამოაყალიბა არტ-ჯგუფი „ახალი კოლექტივი“.
გვანცა ძირითადად ინსტალაციის, სკულპტურის მედიებს იყენებს. მისი ნამუშევრები ძირითადად იმ პარადოქსზეა, რომელიც თავს იჩენს მართებულისა და არამართებულის, ძველისა და ახლის, ხელოვნებისა და დიზაინის კონკრეტული მნიშვნელობების ძიებისას. ინსტალაციებში, ვიდეოებსა და სკულპტურებში გვანცა იყენებს კულტურული იდენტობის, უძველესი შეხედულებებს, პოპ-კულტურის ელემენტებს და საკუთარ ინტერპრეტაციებს გვთავაზობს.
გვანცას ხელოვნება შთაგონებულია შემთხვევითობებითა და ინტუიციით. თითოულ ნამუშევარზე მუშაობას ის, მართალია, გარკვეული ჩანაფიქრით და იდეით იწყებს, მაგრამ უმეტესად არ აქვს წინასწარ მომზადებული ესკიზები. მას აინტერესებს, თუ როგორ ახდენს გავლენას ტრადიციები, თანამედროვე ცრურწმენები და კიჩური სახეები ყოველდღიურ ცხოვრებაზე; თუ როგორ იქმნება ემოციები, მოგონებები, შეხედულებები, პიროვნული თვისებები და საგნის სენტიმენტალური ღირებულება.
პროექტი შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და თიბისი სტატუსის მხარდაჭერით ხორციელდება.