ლადო ფოჩხუა - წიგნი ახალი არისტოკრატიისათვის
ე. ნინოშვილის ქ. #8, თბილისი
Project ArtBeat წარმოგიდგენთ ლადო ფოჩხუას ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მოძრავ გალერეაში.
,,როცა სერიაზე ,,წიგნი ახალი არისტოკრატიისათვის“ დავიწყე მუშაობა, ისე ჩანდა, თითქოს, პროექტი ძალაუფლების მქონე ხალხის სატირული სკეჩების ალბომით შემოიფარგლებოდა, რომლებიც, საკუთარ პომპეზურ მოკაზმულობამდე და კოსტიუმებამდე დაიყვანებოდნენ. ჩემი ამოსავალი წერტილი ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრის, „იმპერატორის ახალი სამოსის“ შესახებ თეორიის გადასინჯვა იყო, რისთვისაც დავსვი შეკითხვა: რა მოხდებოდა თუ შიშველი იმპერატორის ნაცვლად, მხოლოდ მისი კოსტიუმი აღიქმებოდა როგორც ძალაუფლების სიმბოლო?
დროებითი პროექტი, მოგვიანებით, ჩემი შემოქმედების ძირითად თემად იქცა. დღევანდელი პოლიტიკური რეალობა აშშ-ში ასეთია: ლინკოლნისა და რუზველტის კაბინეტებს ეგზისტენციალური სიცარიელე მოიცავს. ძალაუფლების საზარელი ტრანსფორმაცია მუშაობის გაგრძელებისკენ მიბიძგებს; ყოველთვის, როდესაც ვფიქრობ რომ ჩემი აღმოჩენა ე.წ. ,,ნუვორიშების“ (nouveau riche) ცარიელი კოსტიუმების შესახებ ამოვწურე, ისევ ვხედავ ამ სერიების განახლების საჭიროებას.
სოლო გამოფენისათვის, რომელიც თანამედროვე ძალაუფლების სიცარიელის იდეას ეხება, მსურს სალონის ინტერიერის სიმულაკრის შექმნა, რომლის კედლებზეც წინაპრების სურათები და პორტრეტები გამოიფინება. ამ ნამუშევარს, ჩემ მიერ 2016 წელს, ბაზელში (VOLTA 12) და 2017 წელს ნიუ იორკში (VOLTA NY) წარმოდგენილი გამოფენების თემის გაგრძელებად მივიჩნევ“ - ლადო ფოჩხუა, 2017.
ლადო ფოჩხუა (დაბ.1970 წელს, საქართველო) ცხოვრობს და მუშაობს ნიუ იორკში. ფოჩხუა დაიბადა საბჭოთა კავშირის მმართველობის პერიოდში, ქ. სოხუმში. 1993 წელს დაასრულა სწავლა სოხუმის სამხატვრო სკოლაში. 1992-93 წლებში, აფხაზეთში განვითარებული მოვლენების გამო, არტისტი იძულებული გახდა დაეტოვებინა სოხუმი და სხვა ლტოლვილებთან ერთად და თბილისის მახლობლად, წყნეთში დასახლდა. 2001 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი თბილისის სამხატვრო აკადემიაში ფერწერისა და ბეჭდური გრაფიკის მიმართულებით. სწავლის დასრულების შემდეგ პერიოდულად ცხოვრობდა სხვადასხვა ქვეყანაში: საქართველო, რუსეთი, აზერბაიჯანი, უნგრეთი და აშშ. ფოჩხუა წლების განმავლობაში ეუფლებოდა აკადემიურ ცოდნას, აინტერესებდა კლასიკოსი მხატვრების ხელწერა და გამოცდილება. მისი შემოქმედების სხავდასხვა პერიოდები ახალი მედიუმების ათვისებას დაეთმო. არტისტი ხელით ხატავს, მუშაობს კალმით და ტუშით ხშირად დიდ ფორმატზე. მისთვის საინტერესოა კლასიკური სახეების და ხელწერის ახალი ფორმატით რეპრეზენტაცია. ფოჩხუას ნამუშევრები წარმოდგენილი იყო 2009 წელს პრაღის ბიენალეზე საქართველოს პავილიონში. მისი სოლო გამოფენა მოეწყო 2013 წელს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში; ამავე წელს მისი ნამუშევრები გამოიფინა Brooklyn Box Gallery-ში, ნიუ იორკი; 2012 წელს სოლო გამოფენა მოეწყო თბილისის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. 2014 წელს წარმოდგენილი იყო დუბაის ხელოვნების ბაზრობაზე. Project ArtBeat-მა წარადგინა ფოჩხუას ნამუშევრები ნიუ იორკში - VOLTA NY, 2017 წელს და ბაზელში - VOLTA 12, 2016 წელს.
პერსონალური და ჯგუფური გამოფენები:
2015- Discover Georgia in New York, Chelsea Market, ნიუ იორკი, აშშ; 2013 - არტისტერიუმი, დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, თბილისი, საქართველო; Random Sample, Inaugural Exhibition of Brooklyn Box Gallery, ნიუ იორკი, აშშ, 2012 - არტისტერიუმი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისი, საქართველო, 2010 - Future Seeking Assumption College, მასაჩუსეტსი, აშშ; 2009- Extended Painting: პრაღის IV ბიენალე, ქართული პავილიონი, პრაღა, ჩეხეთი; 2008- Gardens, Ships and Lessons, K. Petrys Ház Gallery, ბუდაპეშტი, უნგრეთი, ქართველი ხელოვანების გამოფენა, Festival OFF EUROPA ditorei Gallerie NBL, ლაიფციგი, გერმანია; 2003- Curriculum Vitae: 20-ე საუკუნის ქართული ხელოვნების რეტროსპექტივა, თბილისის ისტორიის მუზეუმი, თბილისი, საქართველო.
პროექტი ხორციელდება ქალაქ თბილისის მერიისა და ფაბრიკას მხარდაჭერით.