Project ArtBeat Presentation
დედა ენი ბაღი, თბილისი, საქართველო
პროექტის ავტორები: სანდრო სულაბერიძე, ოთო სულაბერიძე
კურატორები: მარიამ წიქარიძე და მარიამ ლორია
www.projectartbeat.com ვებ გვერდის და მოძრავი გალერეის პრეზენტაცია მოეწყო ექსპერიმენტულ სივრცეში Moving Gallery by Project ArtBeat. კონტეინერი რამდენიმე დღით თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ პარკში - დედა ენის ბაღში დაიდგა.
პრეზენტაციის მთავარი ამოცანა იყო ახალი ონლაინ სივრცის გაცნობა თბილისში შეკრებილი არტ საზოგადოებისთვის. პროექტის ავტორებმა მოძრავი გალერეა - კონტეინერის რეალურ სივრცეში ვირტუალური სივრცის მისამართები - ლინკები და ბარკოდები მოათავსეს. მათი მეშვეობით პრეზენტაციაზე მოსული საზოგადოება პირდაპირ შედიოდა შეთავაზებული მხატვრების და ნამუშევრების გვერდზე. ახალი ტექნოლოგიების - მობილური ტელეფონების, ტაბლეტების და კომპიუტერების დახმარებით ხალხი პირდაპირ და უშუალოდ ეცნობოდა ახალი საიტის სტრუქტურას, ონლაინ გალერეის კონცეფციას. ნამუშევრების და მხატვრების ძიების პროცესი სტუმრებისთვის სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა.
პრეზენტაციის მიმდინარეობის პარალელურად Project ArtBeat-ის გუნდმა დედაენის ბაღში, კონტეინერის გარშემო ბაღის სივრცეც აითვისა და საზოგადოებას შესთავაზა სასიამოვნო, ჯანსაღი, გამწვანებული გარემო, ელექტრონული მუსიკა და დიდი კედელზე გაშვებული ვებ გვერდის პროექცია. პარკში შეკრებილ უამრავ ადამიანს შეეძლო დიდ ეკრანზე დაეთვალიერებინა www.projectartbeat.com ონლაინ გალერეაში წარმოდგენილი მხატვრები.
Moving Gallery by Project ArtBeat არის ახალი, საინტერესო, ექსპერიმენტული სივრცე თანამედროვე ხელოვანებისთვის, რომელიც შესაძლებელია გადაადგილდეს რეგიონის მასშტაბით. გალერეა 2014 წელს გაიხსნა და წელიწადში რამდენჯერმე წარმოადგენს ახალ პროექტს. Project ArtBeat-ის გუნდი თანამშრომლობს ქართველ და უცხოელ არტისტებთან და სთავაზობს მათ კოლაბორაციას მოძრავი გალერეის სივრცეში. პროექტის იდეებს ArtBeat-ის გუნდი განიხილავს და აკეთებს შერჩეული ნამუშევრების გამოფენას. გალერეა თავის თავზე იღებს საორგანიზაციო მხარეს, არტისტის და ნამუშევრის წარდგენას, საინფორმაციო მხარდაჭერას.
ნია გვათუას და სანდრო სულაბერიძეს ფოტოები.