ბრაიან გრიფინი - ქართლის დედა
Project ArtBeat Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ფარგლებში აწყობს გამოფენას Mother Georgia-ს, სადაც გამოფენილი იქნება ბრაიან გრიფინისა და Comme des Garçons-ის ფოტო პროექტი, გადაღებული საბჭოთა საქართველოში 1989 წელს.
გამოფენა შედგება 12 ფოტოსურათისა და VHS ვიდეოსგან. ეს ორიგინალი პრინტები მსოფლიოში პირველად იქნება გამოფენილი. ფოტოები Comme des Garcons-ის კრეატიულმა დირექტორმა, რეი კავაკუბომ თავისი ჟურნალისთვის გადააღებინა გრიფინს. ჟურნალში „Six“, რომელიც წელიწადში ორჯერ გამოდიოდა 1988-1991 წლებში, უსიტყვოდ, მხოლოდ ვიზუალურად, იყო გადმოცემული რეი კავაკუბოს ხედვა. ზუსტად ეს ფოტო რეპორტაჟი მოიხსენია კავაკუბომ თავის ყველაზე საყვარელ მასალად ამ ჟურნალის არსებობის მანძილზე. თითქმის 25 წლის შემდეგ, ეს ფოტოები ახლიდან გამოქვეყნდა ჟურნალ Dazed-ში, რის შემდეგაც, ფაქტობრივად, ახალი სიცოცხლე მოიპოვა და სახელი გაითქვა მთელ მსოფლიოში, მათ შორის უკვე დამოუკიდებელ საქართველოში.
რეი კავაკუბოს ინტერესი საქართველოსადმი დაიწყო ქართველი პრიმიტივისტი მხატვრით, ნიკო ფიროსმანით. გრიფინი და კავაკუბო იაპონიიდან და დიდი ბრიტანეთიდან ეწვივნენ საქართველოს ამ პროექტისთვის. ფოტოები გადაიღეს თელავში, მართლმადიდებლური ეკლესიის ეზოში. პროფესიონალი მოდელების დაქირავებას მათ იქვე მცხოვრები გლეხების გადაღება არჩიეს. გლეხებს უმეტესწილად საკუთარი სამოსი ეცვათ და მხოლოდ რამდენიმე დეტალს ამატებდა კავაკუბო CDG-ის კოლექციიდან. ამ ფოტოების კონცეფცია იყო CDG-ის დიზაინების შერწყმა გლეხების ტანსაცმელთან.
ბრაიან გრიფინი იხსენებს მათთვის რამდენად უჩვეულო გარემოში აღმოჩნდნენ სტუმრები საბჭოთა საქართველოში ჩამოსვლისას. ამ დროს ქვეყანა დამოუკიდებლობის მოპოვების ზღვარზე იყო (საქართველო დამოუკიდებელი გახდა 1991 წელს). ფოტოგრაფი იგონებს, რომ მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ და სასტუმროს მასპინძელი მათ პირად სატელეფონო საუბრებს ისმენდა. გადაღებების შემდეგ ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ლხინის პარალელურად, სტუმრები გახდნენ სტალინის ქანდაკებების განადგურებისა და ტაძრის ეზოში ცხოველთა მსხვერპლთშეწირვის მოწმენი.
ის საკულტო ფოტოსურათი, რომლის სახელიც ჰქვია ამ გამოფენას, გრიფინმა მომდევნო დღეს გადაიღო. ამ დროს კავაკუბო უკვე წასული იყო საქართველოდან, მაგრამ ეს ფოტო მაინც ცენტრალური გახდა ამ ფოტოსერიისთვის. მიუხედავად იმისა, რომ გრიფინი ამ დროს თავის თავს მოდის ფოტოგრაფად არ თვლიდა, მან კავაკუბოსთან საერთო ენა გამონახა, რისი შედეგიც Comme des Garçons-ის ყველაზე განსაკუთრებული კამპანია გახდა.
ბრაიან გრიფინი (დაიბ. 1948, ქ ბირმინგემში, ინგლისში) ჰქონდა ხანგრძლივი და მრავალფეროვანი კარიერა ფოტოგრაფიაში. ის 1989 წელს გარდიანმა ათწლეულის საუკეთესო ფოტოგრაფად აღიარა. ფოტოების გარდა, ის იღებს სატელევიზიო რეკლამებს, მუსიკალურ ვიდეოებსა და მოკლემეტრაჟიან ფილმებს. მას გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე წიგნი. გრიფინის ნამუშევრები ისეთი მუზეუმებისა და გალერეების კოლექციებში ინახება, როგორებიცაა ვიქტორია და ალბერტის მუზეუმი და ეროვნული გალერეა ლონდონში და ხელოვნების მუზეუმი რეიკიავიკში.
გრიფინი ყველაზე ცნობილია თავისი პორტრეტებითა და ალბომის გარეკნებით. მას გადაღებული ჰყავს საკულტო ხელოვანები, კეით ბუში, ელვის კოსტელო, პოლ მაკარტნი და იგი პოპი. გრიფინის ფართო პორტფოლიო მოიცავს ისეთი მუსიკოსების ალბომის გარეკანებს, როგორებიც არიან The Clash, Queen, Placebo, Brian Eno and Echo and the Funnymen.
ფოტოგრაფი: გურამ კაპანაძე