ოსკარ მურილო - Frequences
Frequencies (სიხშირეები) არის ახალგაზრდა ბრიტანელ-კოლუმბიელი არტისტის ოსკარ მურილოს მიმდინარე პროექტი. ხელოვანმა პროექტი მსხვილმასშტაბიანი, ტილოზე შესრულებული ინსტალაციის სახით წარადგინა ვენეციის 56-ე ბიენალეზე All the World’s Futures, 2015 წელს, სადაც Project ArtBeat დაინტერესდა მისი ნამუშევრებით და ხელოვანს თანამშრომლობა შესთავაზა.
ოსკარ მურილოს დიდი ზომის ნამუშევრები აერთიანებს მოქმედებას, პერფორმანსსა და ქაოსს, მაგრამ რეალურად უხეშად დაჭრილი ტილოებისგან შედგება, რომლებზეც ხშირად შერწყმულია ტექსტების ფრაგმენტები და სტუდიაში დაგროვილი ნარჩენები, როგორიცაა ჭუჭყი და მტვერი. მისი ნახატები, ვიდეო ნამუშევრები და პერფორმანსები თემის ცნებას უკავშირდება, რომელიც სათავეს იღებს ხელოვანის კულტურათაშორისი კავშირებიდან ლონდონთან, სადაც იგი ცხოვრობს და მუშაობს და კოლუმბიასთან, სადაც იგი დაიბადა 1986 წელს.
Frequencies-ისთვის, რომელიც ხელოვანმა ოჯახის წევრებთან და პოლიტოლოგ კლარა დუბლანკთან ერთად შეიმუშავა, მურილომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო ტილოების გაგზავნა სკოლებში, სადაც ისინი დროებით მაგრდება მერხებზე ახალგაზრდების შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების პროცესის დასაფიქსირებლად. 10-16 წლის მოსწავლეები წახალისებულნი არიან დატოვონ ტილოებზე თავიანთი კვალი ჩანახატებისა თუ ნაწერების სახით. პროექტის მიზანია წარმოაჩინოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახალგაზრდების კულტურათაშორისი და სოციალური აღქმა.
პროექტის Frequencies მიზანია 50 ქვეყნის 100 სკოლასთან თანამშრომლობა. მათ შორის ერთ-ერთი საქართველოა. Frequencies კოორდინატორი კლარა დუბლანკი პროექტის დამფუძნებლის, ოსკარ მურილოს მშობლებთან ერთად 2015 წლის 29 სექტემბერს საქართველოს ეწვია. სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები ქართველი ბავშვების განსხვავებული ხედვების გასაერთიანებლად, ორი სკოლა შეირჩა: კერძო სკოლა „ჯეჯილი“- თბილისში და N8 საჯარო სკოლა - გორში. გორში მცხოვრებ მოსწავლეებს ძალიან ახლო შეხება ჰქონდათ 2008 წლის აგვისტოს ომთან.
ნამუშევრები გაიგზავნა ხელოვანთან მარტის თვეში. მურილო ქართველ მოსწავლეებთან კოლაბორაციით თანამედროვე ხელოვნების საინტერესო ნიმუშებს შექმნის.