გვანცა ჯიშკარიანი და თამო ჯუღელი - ორი სოლო გამოფენა
გვანცა ჯიშკარიანი
Who will record history?
ვინ ჩაიწერს ისტორიას?
“ხე ზღვაში მცურავი
კაცი ხეზე დროშით
ხეს სამი კაცი ეჯაჯგურება და გლეჯენ
ნოე?
ხე, რომლისთვისაც გზები აშენდა და ზღვები გაიპო?”
გვანცა ჯიშკარიანი არის ქართველი ხელოვანი თბილისი. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, გვანცამ გაიარა არაფორმალური სამაგისტრო პროგრამა ინკლუზიურ მედიაციაში თანამედროვე ხელოვნების ცენტრში. 2017 წელს დაჯილდოვდა წინანდლის პრემიით სახვით ხელოვნებაში. არტისტი ძირითადად ინსტალაციის, სკულპტურის მედიებს იყენებს. მისი ნამუშევრები ძირითადად იმ პარადოქსზეა, რომელიც თავს იჩენს მართებულისა და არამართებულის, ძველისა და ახლის, ხელოვნებისა და დიზაინის კონკრეტული მნიშვნელობების ძიებისას.
ჯიშკარიანის ხელოვნება შთაგონებულია შემთხვევითობებითა და ინტუიციით. თითოულ ნამუშევარზე მუშაობას ის, მართალია, გარკვეული ჩანაფიქრით და იდეით იწყებს, მაგრამ უმეტესად არ აქვს წინასწარ მომზადებული ესკიზები. მას აინტერესებს, თუ როგორ ახდენს გავლენას ტრადიციები, თანამედროვე ცრურწმენები და კიჩური სახეები ყოველდღიურ ცხოვრებაზე; თუ როგორ იქმნება ემოციები, მოგონებები, შეხედულებები, პიროვნული თვისებები და საგნის სენტიმენტალური ღირებულება.
2014 წელს გვანცამ ათ ქართველ ქალ არტისტთან ერთად, ჩამოაყალიბა არტ-ჯგუფი „ახალი კოლექტივი“. 2017 -ში, ერთ-ერთი მიწისქვეშა გადასასვლელის ტერიტორიაზე დააარსა Patara Gallery, რომელიც წარმოადგენს ექსპერიმენტულ სივრცეს ახალგაზრდა მხატვრებისთვის, უარყოფილი ან ჯერ არ-ნახული ალტერნატიული ხელოვნების გამოსაფენად. 2018 წელს კი გახდა თბილისში Why Not Gallery -ს თანადამფუძნებელი.
თამო ჯუღელი
“You know what?! I don't have a good feeling about cakes around here” (Carolin Eidner)
“პური არა აქვს ხალხსო” – შესჩივლეს.
“პური თუ არა აქვთ ნამცხვრები მიირთვან” — მიუგო მარი-ანტუანეტამ.
“ქალს პატრიარქალურ სამყაროში შემოსვლისას ნამცხვრებ/ფუნთუშებით უმასპინძლდებოდნენ. ნამცხვრთა სახელებიც შესატყვისად რომანტიულ/პათეტიური იყო: “ქალღმერთი”, “დედა”, “მეძავი”, “ცეცხლის შემნახველი”… — ზუსტად საკონდიტროს ასორტიმენტი — შაქარი კი, როგორც დღეს საყოველთაოდ ცნობილია, თეთრი შხამია.
ისე რომ, პატრიარქატის შხამიან ნამცხვართა ბუნება გაცხადდა და მარია-ანტუანეტას სრულიად ცინიკურ არათანამონაწილეობის პოზიციას დღეს უღრმესი აზრი მიეცა: პატრიარქატის მიერ გაწყობილი სოციუმი მხოლოდ ცინიზმს იმსახურებს, თავისი სიმბოლური ღირებულებების კრიმინალური ხასიათის გამო. სოციალურ უძალობას და მის ისტორიულ/კრიმინალურ ხასიათს პიროვნული ზე-მოხმარების ცინიზმით თუ გადაფარავ მხოლოდ! მარია-ანტუანეტას სიტყვები ფემინისტური მზერის სარკასტული ჟესტია შემოტანილი ისტორიაში.
დღეს, ნამცხვრებ/ფუნთუშების ნამეტანი “დრუნჩა გოიმს” თუ სწამს მხოლოდ.
ნამცხვრებ/ფუნთუშებ მოსროლილმა ქალის გამოთავისუფლებულმა ცნობიერებამ დინებად თამაშთა სივრცე გადახსნა — რაციონალურ-ლოგიკური ცნობიერების, სიმბოლური იერარქიების და მათი სუბორდინირებული სტრუქტურების მიღმა. ემოციონალური ინტენსიობების კუნძულები ურთიერთგადამკვეთ სივრცეებად გადაიჭიმა სივრცეში. აქ, ექსტატური ექს-სტატიური განფენების სულისშემძვრელი პრაქტიკაა, სადაც არავინ არავის იწვევს შეჯიბრში და თამაშები მხოლოდ საკუთარ ბუნებას ავლენენ.
ნამცხვრებით დანაყრებამ ადგილი უსხეულო ენერგეტიკულ ცეკვებს დაუთმო და ამის მომასწავებელ/მომტანი დღეს ქალია სამყაროში მხოლოდ — მისი საუკუნეების განმავლობაში გადაფარულ/დათრგუნული ინტუიციის ხარჯზე.“ - გია ეძგვერაძე
თამო ჯუღელი (დაბ. 1994) საქართველოში დაფუძნებული ახლგაზრდა ხელოვანია. 2013-17 წლებში ის სწავლობდა ჟურნალისტიკის ფაკუტელტზე საქართველოს დავით აღმაშენებელი უნივერსტეტში და მხოლოდ ამის შემდგომ დაიწყო ხატვა. მალე მისი მენტორი გახდა საერთაშორისოდ ცნობილი, ქართველი მხატვრი და მწერლი, გია ეძგვერაძე.
თამო ჯუღელი თავის შემოქმედებაში მთავარ მიზნად მიიჩნევს აითვისოს და გამოხატოს ვიზუალური ენით ელენ სიქსუს კონცეპტი - ‘L’écriture feminine', წარმოადგინოს ახალი ფემინური ვიტალობის გაერთიანებული სივრცე და სული მის ნახატებში. გეომეტრიული ფორმები და ფიგურები წარმოადგენენ მეტაფიზიკურ ნიშნებს და გარდაიქმნებიან სხვადასხვა ფეთქებად ტეხილ სივრცეებად, განსხვავებული პერსპექტივის მქონე სიბრტყეებად და სხვადასხვა ემოციურ შრეებად. დიდი ზომის ნამუშევრები შერეულ მედიუმში მათ შორის მრგვალი და ოვალური მოყვანილობის მცირე ფორმატის ტილოები მისი მთავარი მიზნის რეპრეზენტაციის მაგალითია.
მნიშვნელოვანი სოლო და ჯგუფური გამოფენები:
2019 - ‘You Know What?! I don't Have a Good Feeling about Cakes Around Here', გალერეა ართბითი, თბილისი, საქართველო; 2018 - არტ-ვილა გარიყულა, სახელოვნებო რეზიდენცია, გარიყულა, საქართველო; არქეტიპები, Art Up - Street Gallery, ბათუმი, საქართველო.
ფოტოები: ანგუს ლედლი ბრაუნი