წინა შემდეგი

ნიკა ქუთათელაძე - სახლი არის ჩემი მეზობელი

22 აპრილი - 28 მაისი, 2023

ართბითი, პავლე ინგოროყვას ქ. 14, თბილისი, საქართველო

ართბითი წარმოგიდგენთ ნიკა ქუთათელაძის სოლო გამოფენას 'სახლი არის ჩემი მეზობელი'.

ხელოვანი ცვალებადი კონტექსტების მაგალითზე აგრძელებს პოეტური და სიმბოლური ნარატივის ძიებას. ამჯერადაც სივრცითი მოგზაურობა კარგად სტრუქტურირებულ სიურეალურ, დრამატულ სცენარს ემსგავსება. ხელოვანი ერთსა და იმავე სივრცეში აერთიანებს ორ განსხვავებულ რეალობას. ქართული სოფლის საშინაო სივრცე ალტერნატიულ რეალობად ითარგმნება და განივრცობა სიზმრისეულ, მირაჟულ მოცემულობად.

მას შემდეგ, რაც მავნებელი ფაროსანები ადგილობრივ მკვიდრთა განუყოფელ ნაწილად იქცნენ, შეიცვალა მათი ყოველდღიური ყოფაც. ნელ-ნელა სოფელი დაცარიელდა, გადინების პროცესი გაიზარდა, შეიცვალა გაცვლის და ვაჭრობის ფორმებიც. ამ ყველაფრის კვალდაკვალ, ყალიბდება თხრობის სცენა, სადაც ვხედავთ, თუ როგორ ხდება ნასახლარი სივრცეების ხელახალი ათვისება უცხო პირთა მიერ და მათი ახალი მნიშვნელობებით დატვირთვა. მიმდინარე ყოფით ცვლილებებზე დაკვირვება ავლენს წარმოსახვით დიალოგს გადასახლებულთა და სოფელში დარჩენილ პირთა შორის საგნებისა და სივრცის საშუალებით.

დამთვარიელებელი სივრცეში ინტეგრირებისას მოგზაურის როლს ირგებს და სრულიად უნებლიედ ხვდება სოფლის მიტოვებულ საცხოვრებელ სახლში. სივრცე მთლიანად ჩაძირულია მარადმწვანე დაფნის ფოთლებით. აქ თითქოს ადამიანების თანაყოფნა უკუგდებულია, თითქოს ისინი სიჩუმეში ჩნდებიან და სიჩუმეშივე ქრებიან, როგორც მომენტალურად გაცხადებელი პოეტური ხილვები. ბუნებრივი და ხელოვნური სინათლის ურთიერთქმედება ბადებს დინამიურ და იმერსიულ გარემოს, რომელიც მნახველს უბიძგებს, გამოიკვლიოს ადამიანის ყოფნის მიღმა დატოვებული კვალი. აქ თითქოს გაორებული მდგომარეობა იქმნება, სადაც თანადროულად იშლება და იხატება წარსულის კვალი. სივრცეში არსებული ყველა ელემენტი თითქოს ერთ დიდ ჯაჭვს ქმნის და წარმოსახვით დიალოგს აწარმოებს ყოფნასა და არყოფნას შორის, წარსულსა და აწმყოს შორის, წასულთა და დარჩენილთა შორის.

ჩვენს თვალწინ გაიელვებს ენიგმური გამოსახულება, რომელიც თავისი მომნუსხველობით ერთგვარად გვიპყრობს. თუმცა, ამ სიზმრისეული გამოსახულების მიღმა დრამატული რეალობა იმალება. თითქოს, ეს ამოუცნობი ნიშნები ამჟღავნებენ ტრამვული მეხსიერების ფრაგმენტულ ნარჩენებს, ნოსტალგიურ განცდებს, სიდუხჭირესა და მუდმივადცვლებად გარემოს, სადაც უკვე ყველაფერი მნიშვნელობას მოკლებული ნარჩენია. ამ ყველაფრის ფონზე, დატოვებული კვალის საშულებით აღვადგენთ სცენარს, სადაც ერთის მხრივ, ვხედავთ ფაროსანების შემოსევისას, როგორ ტოვებენ ოჯახები საკუთარ საცხოვრებელ სახლებს და დიდ ქალაქებში მიეშურებიან უკეთესი ცხოვრების საძიებლად და მეორეს მხრივ, ვაწყდებით სცენას, სადაც ვხედავთ როგორ ეპატრონებიან უცხო პირები ამ მიტოვებულ სახლებს. სწორედ ამ დროიდან იღებს დასაბამს მოსახლეობის მიერ დაფნის ფოთლების შეგროვება მიტოვებულ სახლებში და მათი ქცევა ვაჭრობის საგნად. თითქოს, აქ დაფნის ფოთლები სიმბოლურ დონეზე ამხელენ მთელ არსებულ ტრავმატულ, ცვალებად, სოციალურ-ეკონომიკურ მოცემულობას.

ნიკა ქუთათელაძე დაიბადა 1989 წელს, თბილისში. 2007- 2011 წლებში ის სწავლობდა არქიტექტურის ფაკულტეტზე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 2013 წელს დაამთავრა არაფორმალური სამაგისტრო კურსი თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, თბილისი (CCA-T). მისი ნამუშევრების უმეტესობა მოიცავს ინსტალაციებსა და სკულპტურებს, რომლებიც ასახავენ ყოველდღიურ სამომხმარებლო და სხვადასხვა გარემოს საკითხებს. მისი უკანასკნელი არტისტული გამოხატულება არქიტექტურული სივრცეების გარდაქმნას და ზოგადად ურბანულ გარემოს უპირისპირდება.

მნიშვნელოვანი სოლო და ჯგუფური გამოფენები:
2019 - ‘მეტამორფოზა’, Art in Europe Now - The Fondation Cartier, პარიზი, საფრანგეთი; 2018 - ‘რომ დავიცვა ჩემი სახლი სანამ შორს ვარ’, თბილისის არქიტექტურის ბიენალე, თბილისი, საქართველო; ‘წისქვილი ყოფილი პავლოვის ქუჩაზე’, Kunsthalle Tbilisi, თბილისი, საქართველო, 2017 - ‘მარშუტკა და სათამაშო მოედანი ჩემს ძველ ბინაში’ მიცკევიჩის №20, თბილისი, საქართველო; ‘ორმაგი სტანდარტები’, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი ‘Yarat’, ბაქო, აზერბაიჯანი; 2016 - ‘კედელი, უხეში ხალიჩა, პარკეტი’, თბილისი, საქართველო; 2015 - ‘AD HOC’, LA STATION, ნიცა საფრანგეთი; 2014 - ფესტ ი ნოვა 2014, ‘OPUS MIXTUM’, არტ ვილა გარიყულა, საქართველო; 2013 - ‘Am I You’, გალერეა ‘კონტეინერი’, თბილისი, საქართველო.