წინა შემდეგი

მდელო ნადავლისთვის

13 სექტემბერი, 2024 - 1 თებერვალი, 2025

გალერეა ართბითი, პავლე ინგოროყვას ქ. 14, თბილისი

გალერეა ართბითი წარმოგიდგენთ ჯგუფურ გამოფენას 'მდელო ნადავლისთვის', რომელიც Tatjana Pieters Gallery-სთან თანამშრომლობით შედგა და აერთიანებს ანა გზირიშვილის, ნინა კინწურაშვილისა და შარლ დეიჟიტერის ნამუშევრებს. 2025 წლის მარტში გამოფენის მეორე ნაწილს უმასპინძლებს Tatjana Pieters-ის გალერეა.

გამოფენა 'მდელო ნადავლისთვის' ეფუძნება მრავალშრიან ნარატივს, რომელიც სიმბოლურ დონეზე იკვლევს ბუნებრივსა და ადამიანურ ფორმებს შორის კომპლექსურ ურთიერთმიმართებას. ის აყალიბებს ტრანზიტულ ნარაციას, რომელშიც, ერთი მხრივ, ადამიანი ქმნის საკომუნიკაციო ველს სხვა ცოცხალ ორგანიზმებთან, მეორე მხრივ კი ახდენს მათ ინსტრუმენტალიზაციასა და ობიექტივიზაციას. გამოფენა იკვლევს ამ ძალებს შორის რთულ ურთიერთობებს, რომლებშიც კულტურული ლანდშაფტები და ბუნებრივი სამყარო თანაარსებობენ მუდმივად ცვალებად დაძაბულობაში. ის მოქმედებს როგორც კატალიზატორი, რომელიც შესაძლებელს ხდის ვკონცენტრირდეთ ისეთი საკითხების გარშემო, როგორიცაა დომინაცია, კონტროლი და ცვალებადი საზღვრები ადამიანსა და სხვა ცოცხალ სფეროებს შორის.

'მდელო ნადავლისთვის' ქმნის ორაზროვან სივრცეს, რომელშიც მონადირისა და ნადირის როლები მუდმივად ცვალებად თამაშშია. მასშტაბებისა და ხედვის წერტილების ცვლილება გარდაქმნის დამკვირვებლის პერსპექტივას და ჩნდება კითხვა ვინ არის ნადირი და ვინ მონადირე? ეს ფლუიდური მდგომარეობები ეჭვქვეშ აყენებს ფიქსირებულ იდენტობებს და შლის ადამიანსა და ბუნებას შორის იერარქიულ სტრუქტურებს. შედეგად, ისინი რიზომორფულ ფორმებად იშლებიან და წარმოქმნიან ერთმანეთში გარდამავალ ეგზისტენციას.

გამოფენა აერთიანებს სამ განსხვავებულ, მაგრამ ერთმანეთთან კონცეპტუალურად დაკავშირებულ მხატვრულ პრაქტიკას: ნინა კინწურაშვილის ფერწერას, შარლ დეიეჟიტერის რელიეფურსა და სკულპტურულ ფორმებს და ანა გზირიშვილის სკულპტურულ ინსტალაციებს. ნამუშევრები მიუხედავად განსხვავებული ფორმატებისა, ერთიანობაში ქმნიან ინტერმედიალურ სივრცეს, რომელშიც ფერწერული და სკულპტურული ობიექტები ქსელური პრინციპით ინტერაქციაში შედიან ერთმანეთთან. ნინა კინწურაშვილის ლანდშაფტური გამოსახულება ჩარლზ დეჟეიტერის ანთროპოლოგიურ ფორმებს ეხმიანება და ხდება მისი მაკონსტრუირებელი გარემო, ხოლო ანა გზირიშვილი თავის სკულპტურებში საგნებს ტრანსფორმაციის ზღვარზე, დენადსა და რელიეფურ ფორმებში აფიქსირებს და სივრცის მაორგანიზებელი სტრუქტურა ხდება.

მოცემული ნამუშევრები ეხმიანება იერარქიზებული ჟანრების გადააზრებას და მათ რიზომატულ პრინციპზე თარგმნის - ნატურმორტი, ნადირობის ჟანრი თუ პეიზაჟი ახლებურ ფორმისეულ საზრისებად ვლინდება. ნატურმორტი მიემართება მუმიფიკაციას, რომელშიც ობიექტი მოიხელთება და შეინახება. ლანდშაფტი თავისუფლდება ფონის პასიური როლისგან და აქტიურად ერევა პოსტჰუმანურ დისკურსში, რომელიც წარმოაჩენს ბუნებასა და კულტურას შორის კომპლექსურ მიმართებას. მსგავსი მიდგომა ქმნის ტრადიციული ჟანრების უფრო ფართო გადახედვის შესაძლებლობას და ავლენს თუ როგორ ხდება ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტების გადარჩევა სუბიექტის ინტერპრეტაციის საშუალებით.

ანა გზირიშვილი (1992, თბილისი, საქართველო) მულტიმედია არტისტია, რომელიც ბერლინსა და თბილისში მუშაობს. იგი DAAD-ის სტიპენდიანტია და პროფესორ ჰიტო შტეიერლის ხელმძღვანელობით დაამთავრა ბერლინის ხელოვნების სკოლა (UDK) ახალი მედიისა და ფილმების მიმართულებით.

ანა გზირიშვილის ექსპერიმენტული პრაქტიკა მოიცავს სხვადასხვა მედიუმს, დაწყებული ფილმიდან და ლინზაზე დაფუძნებული ხელოვნებიდან – მუსიკამდე, ბეჭდურ ნამუშევრებსა და კომპიუტერულ გრაფიკამდე, ნახატებიდან პოეზიამდე და კითხვით პერფორმანსებამდე. მისი ხელოვნების პრაქტიკა, რომელიც შთაგონებულია ობიექტზე ორიენტირებული პერსპექტივით, ხშირად იკვლევს ობიექტებს, ადგილებსა და ნარატივებს შორის არსებულ სივრცეებსა და შეერთების წერტილებს მათი დაშლისა და ხელახალი კონტექსტუალიზაციის გზით.

ანას ნამუშევრები გამოფენილია როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე, მათ შორის: ვესტ დენ ჰააგში; E.A. Shared Space, თბილისი; LC Queisser, თბილისი; Kristina Kite Gallery, ლოს-ანჯელესი, აშშ; MAXXI, 21-ე საუკუნის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი, რომი, იტალია; და Kopavogur-ის ხელოვნების მუზეუმი, რეიკიავიკი, ისლანდია.

ნინა კინწურაშვილი (დაბ.1992) თბილისში მოღვაწე ინტერდისციპლინარული ხელოვანი და ფერმწერია. თბილისის სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ (2010-2014) , მან სწავლა გააგრძელა ფულბრაიტის სტიპენდიით აშშ-ში , აიოვას უნივერსიტეტის ახალი მედია ხელოვნების ფაკულტეტზე (2017-2020).

ნინას ნამუშევრები გამოფენილა სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში (მესტია, სვანეთი), გალერეა LC Queisser-ში (თბილისი), E.A. Shared Space-ში (თბილისი), არკო მადრიდზე (ესპანეთი), PS1 Iowa City-ში (აშშ), Levitt Gallery UofI-ში (აშშ), Ortega y Gasset Projects -ში (აშშ), Everywoman Biennial-ზე (ბრიტანეთი) და Ekru Projects- ში (აშშ).

შარლ დეიეჟიტერი (დაბ.1994) ცხოვრობს და მოღვაწეობს გენტში. მისი შემოქმედებითი პრაქტიკა მოიცავს ტრადიციულსა და თანამედროვე წარმოების მეთოდებს, როგორიცაა გრავიურა, ტაქსიდერმია, 3D ბეჭდვა და ლაზერული ჭრა. დეიეჟიტერის ნამუშევრები ფოკუსირდება ურთიერთსაწინააღმდეგო თემებზე, როგორიცაა ანთროპოლოგია და პოპულარული კულტურა. მისი შემოქმედება ხშირად შლის საზღვრებს ამ ორ კონსტრუქტს შორის და ხაზს უსვამს ანთროპოლოგიური არტეფაქტებისა და რიტუალების სოციალურ მნიშვნელობას დღევანდელობაში.

მისი ნამუშევრები გამოფენილია: ‘Finis Terrae’, ორგანიზებული Geukens & De Vil-ის მიერ, ანტვერპენი (ბელგია); ‘Wunderkammer of Truth’, გენტის უნივერსიტეტის მუზეუმი, ბელგია; ‘Going Down’, Northern-Southern, ოსტინი, ამერიკა; ‘Search Party’, Tatjana Pieters, გენტი, ბელგია; ‘The Crawling Space’, Tatjana Pieters, გენტი, ბელგია; ‘Kunstenfestival LOSS’, SABK, ზოტტეგემი, ბელგია; Sint-Baafs ტაძარი, გენტი (ბელგია); ‘PASS’, კურირებული კრისტოფ მარტინისა და იან ჰოეტ უმცროსის მიერ, Vlaamse Ardennen, ბელგია; Verbeke Foundation, კემზეკე, ბელგია; ‘No Pop No Up’, გენტი, ბელგია.