წინა შემდეგი

თამარ ბოჭორიშვილი - გორაკებს მიღმა

6 თებერვალი - 13 აპრილი, 2025

გალერეა ართბითი, პავლე ინგოროყვას ქ. 14, თბილისი

გალერეა ართბითი წარმოგიდგენთ თამარ ბოჭორიშვილის პერსონალურ გამოფენას 'გორაკებს მიღმა'.

'ჩემს ბოლო ფიგურატიულ ნამუშევრებში ვინტერესდები ადამიანის სხეულის სირთულით და მისი კომპლექსურობით. განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ შიშველ სხეულს, როგორც გამოხატვისა და გაძლიერების ფორმას. კომპოზიციები არ არის თხრობითი და სრულად სიმბოლოებზეა აგებული. პორტრეტები კრებით სახეს ქმნიან და არ გამოხატავენ პერსონიფიცირებას. ამ ხერხით მაყურებელში ვიწვევ ფიქრის პროვოცირებას იმაზე თუ როგორ აღიქვამთ საკუთარ თავს და სხვებს.

სხეულის ცალკეული ნაწილებიდან რომელიც ნამუშევარში ხშირად მეორდება არის 'ძუძუ',
როგორც ყველაზე მრავალმხრივად განხილული სხეულის ნაწილი, როგორც სექსუალურობის ობიექტი, როგორც სურვილის აღმძვრელი და ასევე, როგორც რაღაც საკრალური და წმინდა (ძუძუთუ ბავშვთა კვება) ის ხდება სურვილის სიმბოლო, რითიც გამოხატავს ჩემს ხედვას ავტონომიისა და პატივისცემის შესახებ და ვიწვევ მაყურებელს ჩაერთოს იდენტობისა და სხეულის იმიჯის საკუთარ აღქმაში.

ის თავისუფლების მძლავრ მეტაფორას წარმოადგენს, წარმოადგენს საზოგადოებრივი
მოლოდინებისგან გათავისუფლებას, რომლებიც დაკავშირებულია სექსუალობასთან ან
სხეულის მოხმარებასთან, ამ სერიით კი მიზანად ვისახავ კულტურული და სოციალური
სტიგმის დემონტაჟს, რომელიც ართულებს ქალის ცხოვრებას და მის მონაწილეობას
სამოქალაქო, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ სფეროებში.

თუ კი ჩვენ შევეცდებით მომავლის განჭვრეტას, კიდევ უფრო ცხადი გახდება იმის
გათვალისწინება თუ როგორ განვითარდება ქალების და ზოგადად ადამიანების როლები და
ფუნქციები, რა გამოწვევებთან მოგვიწევს დაპირისპირება და როგორ განაახლებს ეს
ცვლილებები ჩვენს ურთიერთობას საკუთარ თავთან და სხეულებთან?
ამ გამოფენით მე ამ კითხვებს ვსვამ და ვიწვევ მაყურებელს ამ ფიქრში, წარმოიდგინონ
მომავალი სადაც თავისუფლება, ავტონომია და თვითგამორკვევა უმთავრესია. ამ კონტექსტში ჩვენი სხეულისა და იდენტობის გაგება არის პირადი და არა კოლექტიური მოძრაობა ინკლუზიური და ძლიერი საზოგადოებისაკენ' - თამარ ბოჭორიშვილი.

თამარ ბოჭორიშვილის (დაბ. 1980, ქუთაისი) ნამუშევრები საკუთარი თავის ძიებისა და შემეცნების შესახებ თხრობაა. განსხვავებული მასალისა და ტექნიკის შეთავსებით შექმნილი გრაფიკული ნახატები და ობიექტები წარსული გამოცდილების, დრამატიზმისა და მოულოდნელი მომავლის მოლოდინის შესახებ ყვება.

ნამუშევრები წარმოადგენენ მცირე ზომის ობიექტებსა და ქაღალდზე შესრულებულ ნახატებს. ისინი ერთი მხრივ მხიარულია და თამაშს (სათამაშოს) ჰგავს, მეორე მხრივ გამოხატავს ისეთ თემებს, როგორიცაა: ოჯახი და საზოგადოება, სხეული და სექსუალობა, სიკვდილი და ქვეცნობიერი. ნამუშევრები ფორმას იღებენ პერსონალური და კოლექტიური გამოცდილებიდან, იცვლებიან თხრობითობის მნიშვნელობების მიხედვით. ისინი მეტყველებენ ისეთ ძირეულ საკითხებზე, რომლებიც საზოგადოების ყველა დონეზე დომინირებს და დრამატული კონტექსტიდან მხიარულ თამაშის ფორმებში გარდაიქმნებიან.