წინა შემდეგი

ნიკა ქუთათელაძე - გიამ დარგო ნერგები, რომლებიც აყვავდება

3 მაისი - 22 ივნისი, 2025

გალერეა ართბითი, პავლე ინგოროყვას ქ. 14, თბილისი, საქართველო

გალერეა ართბითი წარმოგიდგენთ ნიკა ქუთათელაძის პერსონალურ გამოფენას ‘გიამ დარგო ნერგები, რომლებიც აყვავდება’.

ნიკა ქუთათელაძე ფერწერისა და ინსტალაციის მედიუმების მეშვეობით იკვლევს სოფლის დასახლებებში მცხოვრებ ადამიანებს შორის ურთიერთობების ნიუანსებს. თავადაც გარკვეული დროით ცხოვრობდა საქართველოს შორეულ მთიან რეგიონში, რაც ამ სივრცის მიმართ მის მგრძნობელობასა და შემოქმედებით ინტერესს განაპირობებს. ქუთათელაძის შემოქმედებითი ინტერესის მთავარი ობიექტია დაკვირვება იმაზე, თუ როგორ ეყრდნობიან ადამიანები ერთმანეთს და ამავე დროს, როგორ უჭირთ თანაცხოვრება.

მისი უახლესი ნამუშევრები ეფუძნება დაკვირვებებს იმ ერთეულ ადამიანებზე, რომლებიც კვლავ ცხოვრობენ დაცლილ სოფლებში.

ქუთათელაძის ფერწერული ნამუშევრები შესრულებულია ზეთში — გრუნტირებულ ხის დაფებზე (რაც ადგილობრივ მართლმადიდებლურ ხატწერის ტრადიციას ეხმიანება).

მისი ვიზუალური ენა ასახავს სიჩუმის, გაუცხოებისა და კომუნიკაციის რღვევის ატმოსფეროს. ადამიანური ფიგურების გვერდით ჩნდებიან ველური ტურები — ჩუმად, შეუმჩნევლად. სიბნელე და სიცივე თითქოს იპყრობს მათ შორის ყველა არსებულ საკომუნიკაციო გზას, თავად ფიგურები კი თანდათან ქრებიან, თითქოს ბუნების წიაღში იშლებიან.

ზოგიერთ ნახატში ადამიანური ფიგურა თითქმის მთლიანად შერწყმულია ლანდშაფტთან — ქუთათელაძე აქ ისეთ გარდამავალი მდგომარეობის განცდას გადმოსცემს, როდესაც ადამიანი თითქოსდა ველურ გარემოში ინტეგრირდება, მაგრამ ამავე დროს ემოციურად და ფიზიკურად შორდება მას.

ნიკა ქუთათელაძე დაიბადა 1989 წელს, თბილისში, სადაც ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს. მან დაამთავრა თანამედროვე ხელოვნების ცენტრის (CCA-T) სამაგისტრო პროგრამა 2013 წელს, ხოლო 2007-2011 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე. ქუთათელაძის პერსონალური გამოფენები გაიმართა Mendes Wood DM, ნიუ-იორკი; Modern Art, ლონდონი; Vitrine, ლონდონი და გალერეა ართბითი, თბილისი. მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ისეთ საგამოფენო სივრცებში როგორიცაა: Chateau La Coste, Le Puy-Sainte-Réparade, საფრანგეთი (2025); MAISON DES ARTS GEORGES & CLAUDE POMPIDOU, Cajarc, საფრანგეთი (2024); CCA, ბერლინი, გერმანია (2024); Oxygen Biennial, თბილისი (2021); Foundation Cartier, პარიზი (2019); Tbilisi Architectural Biennial, თბილისი (2018); Kunsthalle Tbilisi (2018); Centre of Contemporary Art Tbilisi (2013) და სხვები.