წინა შემდეგი

თამო ჯუღელი - შემთხვევითი წესრიგი

12 თებერვალი - 27 მარტი, 2022

გალერეა ართბითი, პავლე ინგოროყვას ქ. 14, თბილისი, საქართველო

გალერეა ართბითი წარმოგიდგენთ თამო ჯუღელის პერსონალურ გამოფენას, ‘შემთხვევითი წესრიგი’.

‘გამოფენა სახელწოდებით ‘შემთხვევითი წესრიგი’ აერთიანებს თამო ჯუღელის ბოლო წლებში შექმნილ ფერწერულ ტილოებს. თბილისში მოღვაწე ქართველი ხელოვანი ერთდროულად მემკვიდრეა პოსტმოდერნული გლობალური კულტურისა და სახელმწიფოსი, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი არსებობის შემდეგ, პოსტსაბჭოთა გეოპოლიტიკურ რუკაზე კონფლიქტური რეგიონის სტატუსი აქვს მინიჭებული. როგორც წესი, რელევანტური იქნებოდა გვეფიქრა იმაზე, თუ რა გავლენა იქონია უცნაურმა კულტურულმა მემკვიდრეობამ თავად ხელოვანზე, თუმცა, როგორც ყოველთვის, მისი პორტფოლიო და ამჯერად მიმდინარე გამოფენა კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რომ ის, როგორც კულტურული ავთენტურობის, ისე ყოველგვარი ინსტიტუციონალური სისტემების მიმართ აბსოლუტურად გულგრილია. მეტიც, ჯერ კიდევ არაორგანიზებად მომავალში, რომელზეც ფაქტობრივად მხოლოდ სპეკულაციური ლოგიკა ისმის, თამო ჯუღელის მხატვრობა ერთ-ერთი ყველაზე უფრო ქმედითი ინსტრუმენტია მის გასაცნობად.

მასშტაბურ ტილოებზე დატანილი ალისფერ-ლაჟვარდოვანი ფერადოვანი ლაქების ტრანსგრესია, ამასთან ნახევარფიგურების სპონტანური დანახრები დამთვალიერებელს უსაფუძვლობაში გაჩენილ ალტერნატიულ თამაშში მონაწილეობის გამოცდილებას სთავაზობს. როგორც უდაბნოს ვერაგ სანახებში ჩაბერილი ჰაერით გაჟღერებული ფლეიტის ბალადა, კომპოზიციური სინტაქსი ყოველ ნამუშევარში წინააღმდეგობრივი, მაგრამ მელოდიურად თანმიმდევრულია. მოცულობითი ფერწერული გამჭვირვალობიდან ხისტ გეომეტრიზებად გრაფიკულობამდე გადადინებადი სტრუქტურები ერთ სკულპტურულ მთლიანობაში ეწერებიან, რომელშიც მთავარი და მეორეხარისხოვანი ელემენტები მხოლოდ ფარდობითი მნიშვნელობის მატარებელია. ამდენად გამომსახველობის სისტემური მრავალფეროვნება წესრიგის თავისთავად ავტონომიას იყალიბებს. აქ დესტრუქცია და გაუცხოვება არათუ გადალახული ან უკუგდებული, არამედ არარსებული კატეგორიებია. მხატვარი თავდაჯერებული მიზანმიმართულობით სახავს სრულიად ახლებურ გზებს და ლოგიკას, რომელშიც ყოველ ფერადოვან თუ ფიგურატიულ ერთეულს თავისი განუმეორებელი, გონივრულად განკერძოებული ტერიტორია გააჩნია.

უცნაურია, რომ დროში კარგად გამოცდილი კულტურული დედუქცია ფაქტობრივად უძლურია განსაღვროს მომავლის უცნობი სილუეტი, გარდა მოძრაობის თავისთავადი ღირებულებისა, რომელსაც თანამედროვე შემოქმედი ამ არასაცნაურში უკომპრომისო თამაშის სახით გვთავაზობს’ - ბუკა მოთიაშვილი.

თამო ჯუღელი (დაბ. 1994) საქართველოში დაფუძნებული ახლგაზრდა, თვითნასწავლი ხელოვანია. 2013-17 წლებში ის სწავლობდა ჟურნალისტიკის ფაკუტელტზე საქართველოს დავით აღმაშენებელი უნივერსტეტში და მხოლოდ ამის შემდგომ დაიწყო ხატვა. მალე მისი მენტორი გახდა საერთაშორისოდ ცნობილი, ქართველი მხატვრი და მწერლი, გია ეძგვერაძე.

თამო ჯუღელის ფერწერა არაცნობიერი იმპულსების ანაბეჭდებს ატარებს, როგორც ხაზოვანი, ისე ფერადოვანი ფაქტურით. მარტივი ელემენტებისგან შემდგარი ფიგურები, ფერისა და ფორმის ინტუიტური ნაკადი კომპლექსურ და დინამიურ ქსელს აყალიბებენ, ზოგგან ღებულობენ ფორმას და ზოგგან კი - აბსტრაქციებად იშლებიან სიბრტყეზე. თითოეული ელემენტი ფიგურასა და სიბრტყული დეკონსტრუქციის ზღვარზეა. მოცემულ სისტემაში ვიზუალური ნიშნები სკულპტურულ, დენად, სივრცობრივ განზომილებას ადგენენ და თავის ავტონომიურობას ქმნიან. ჩვენ ტრანსგრესიასა და სუბლიმაციას, რაციონალურსა და ირაციონალურს შორის თამაშის მოწმენი ვართ.

ნამუშევრები თავისუფლად იკითხება, როგორც ცოცხალი და ირაციონალური მოძრაობის ტოპოგრაფიული რუკები, რომლებსაც თავიანთი მასშტაბი, სივრცე და საზღვრების გადალახვის დაუსრულებელი სურვილი გააჩნია.

მნიშვნელოვანი სოლო და ჯგუფური გამოფენები:
2021 NADA Miami ხელოვნების ბაზრობა, მაიამი, აშშ; Art Cologne ხელოვნების ბაზრობა, კოლნი, გერმანია; 'ციფრული მკვიდრები', თიბისი კონცეპტი, თბილისი, საქართველო; 'ლიმენი', სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი, მესტია, საქართველო; 2020 - Art Cologne ხელოვნების ბაზრობა, კოლნი, გერმანია; 'Unnamed 2020', გალერეა ართბითი, თბილისი, საქართველო; 2019 - NADA Miami ხელოვნების ბაზრობა, მაიამი, აშშ; The Institut für Alles Mögliche, არტისტული რეზიდენცია, ბერლინი, გერმანია; ‘Handler' - ჯონ რიფენჰოფი, გალერეა ართბითი, თბილისი, საქართველო; თბილისის ხელოვნების ბაზრობა, თბილისი, საქართველო; ‘You Know What?! I don't Have a Good Feeling about Cakes Around Here', გალერეა ართბითი, თბილისი, საქართველო; 2018 - არტ-ვილა გარიყულა, სახელოვნებო რეზიდენცია, გარიყულა, საქართველო; არქეტიპები, Art Up - Street Gallery, ბათუმი, საქართველო.