თამუნა ჭაბაშვილი

ვიზუალური ხელოვანი თამუნა ჭაბაშვილი (დაბ. 1978, თბილისი) მოღვაწეობს ამსტერდამსა და თბილისში. მან მიიღო სახვითი ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი გერით რითფელდის სამხატვრო აკადემიაში, ამსტერდამში. ის არის 2003 წელს დაფუძნებული ხელოვანთა ინიციატივის - Public Space With A Roof (PSWAR) თანადამაარსებელი. 2007 წლამდე ეს ინიციატივა მუშაობდა, როგორც კვლევითი პროექტების სივრცე. 2004 წლიდან PSWAR მუშაობს ფართომასშტაბიან პროექტებზე, არღვევს საზღვრებს იმ მრავალ როლს შორის, რომელთა შეთავსებაც დღეს ხელოვანებისგან მოითხოვება: ხელოვანი - აქტივისტი, ხელოვანი - მენეჯერი, ხელოვანი-კურატორი. 2008 წლიდან PSWAR-ის პროექტები წარდგენილი იყო საერთაშორისო მასშტაბით, ისეთ სივრცეებში, როგორებიცაა: ვენის Frederick Kiesler Foundation, ავსტრიაში, Centre Pompidou-Metz, საფრანგეთში.

მისი ინდივიდუალური პრაქტიკა არქივების და ნაკვალევების თემების ირგვლივ ტრიალებს. ინდივიდუალური ამბების, მეხსიერების და კითხვების ვიზუალურ და ტაქტილურ ნარატივებად მეფინგი მისთვის წარსული მემკვიდრეობის შესახებ კითხვის დასმის, ინტერპრეტაციისა და იმ გზების მოძიების საშუალებაა, რომლითაც მოგონებების და ამბების ალტერნატიულ ფორმებს შეუძლიათ სიჩუმის სივრცედ გარდაიქმნენ/განსხეულდნენ. ხშირად ქსოვილი მის ნამუშევრებში ბადის ფუნქციას ასრულებს. ხელოვანის თითოეული ახალი პროექტი მისთვის შესაძლებლობას წარმოადგენს, რომ ითანამშრომლოს მოწყვლად ჯგუფებთან, რომლებიც საზოგადოებაში ნაკლებად წარმოდგენილნი ან საჯარო ყურადღების მიღმა რჩებიან. ამ სახის შეხვედრები ისეთი კონტექსტის გაფართოებას უწყობს ხელს, რომელშიც განსხეულებული მოგონებების ინტერპრეტირება და პოზიციონირებაა შესაძლებელი.

2014 წელს ანთროპოლოგ აგნეშკა დუდრაკთან თანამშრომლობით, მან განახორციელა კვლევითი პროექტი „საკუთარი სუფრა”, რომელიც საქართველოში ქალთა მიმართ გენდერულ ძალადობას შეეხებოდა. 2015 წელს ამ ნამუშევრის ნაწილი ნაჩვენები იქნა კიევის ბიენალეზე The School of Kiev და სტამბოლის მე-14 ბიენალეს პარალელურ პროგრამაზე Manifest Thought Form – A Route of Evanescence, გალერეაში Kuad (სტამბოლი). ჭაბაშვილის პროექტი სახელწოდებით „მოსაჩითი ნიმუშების წიგნი“ თბილისში, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართა, რომელიც 2018 წელს პორტუგალიის თანამედროვე ტექსტილის ხელოვნების ბიენალეში „Contextile“-ში შევიდა. გამოფენა ყურადღებას ამახვილებდა იმ ქალთა „ყოველდღიურობის“ წარმოჩენაზე, ვინც სხვაგვარად შეუმჩნეველნი არიან. მისი ბოლოდროინდელი პროექტები ისტორიულ არქივებს მოიცავს: „კონფლიქტის დერეფანი“, აფხაზეთი 1989-1995 წწ, რომელიც ინიცირებული იქნა Swisspeace და Conciliation Resources-ის მიერ და „დაკარგული ძეგლი", რომელიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დაკვეთით შედგა საქართველოში.