ჯგუფური გამოფენა - ბროწეულისფერი
27 ივნისი - 8 სექტემბერი, 2024
გალერეა ართბითი წარმოგიდგენთ ჯგუფურ გამოფენას ‘ბროწეულისფერი’, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ და საერთაშორისო ხელოვანებს. მონაწილე ხელოვანები არიან: დავით აფაქიძე, ალექს მარგო არდენი, ანდრო დადიანი, გიორგი კარტოზია, რენე მატიკი, გიორგი მიმინოშვილი, გაბი საჰარი, ბესო უზნაძე, სერგო ფარაჯანოვი, ჰანა ქინლენი & როზი ჰეისტინგსი და მარიკა ქოჩიაშვილი.
არსებული გამოფენა თემატურად ეხმიანება დრამატულად განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც ამ უკანასკნელ პერიოდში მიმდინარეობდა საქართველოში. დღესდღეობით ეს საკითხები განსაკუთრებით აქტუალურია, რამდენადაც ინიცირდა ჰომოფობიური და ლგბტქ+ უფლებების შემზღუდველი საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც აღვივებს პოლარიზაციიას, საზოგადოების დახლეჩასა და სხვადასხვა ჯგუფს შორის დაპირისპირების საფრთხეს ზრდის. არც ისაა შემთხვევითი, რომ მოცემულ კონტექსტში შემოღებული კანონის მთავარი ადრესატი სახელოვნებო სივრცე გახდა, რომელიც მოაზრებულია პროპაგანდის მთავარ აგენტად.
გამოფენის სათაური სიმბოლურ მნიშვნელობასაც ატარებს, ვინაიდან კარგად ასახავს ადგილობრივ სოციალურ სივრცეში ათწლეულების განმავლობაში დამკვიდრებულ პოლიტიკას გენდერული იდენტობებისადმი, ასევე ეხმიანება სერგო ფარაჯანოვის კინომატოგრაფიულ შედევრსაც, რომლის ნამუშევრებიც საბჭოთა ხელისუფლებამ ცენზურას დაუქვემდებარა, შემდგომ კი მისი ავტორი ჰომოსექსუალიზმის ბრალდებით დაიჭირა. მსგავსი ტიპის რეპრესიული პრაქტიკები დღევანდელ რეალობასთან ახლოს დგას, რაც ფიზიკური და სოციალური ძალადობის ფორმით მანიფესტირდება, როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოების მიერ.
2013 წლის 17 მაისს განვითარებული მოვლენები დამახასიათებელი თავისი სიურეალისტური და აბსურდული კადრებით ძალადობის ერთ-ერთ ბრუტალურ გამოვლენად შეიძლება მივიჩნიოთ, როდესაც აგრესიული სასულიერო პირები თუ მათი ჭინჭრით მადევარი მრევლი ცდილობდნენ გაერღვიათ პოლიციის კორდონი და ფიზიკურად გასწორებოდნენ ლგბტქ+ თემს. ყოველ მომდევნო წელს ეს სცენარი უფრო და უფრო მძაფრდება. სწორედ ამ კონტექსტს ეხმიანება ეს გამოფენაც და ცდილობს წარმოაჩინოს პრობლემები, რომლებიც გააჩნია ლგბტქ+ ადამიანებს ხელოვნების დისკურსში.
შენიშვნა:
2024 წლის 20 ივნიისს, პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ლგბტქ+ უფლებებების შემზღუდველი “ ოჯახური ღირებულებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ“ კანონპროექტი 1-ლი მოსმენით მიიღეს. ანტი-ლგბტქ+ კანონს ოთხივე კომიტეტმა მხარი დაუჭირა. ეს კომიტეტებია: ადამიანის უფლებათა დაცვის, განათლების, დარგობრივი ეკონომიკისა და ჯამრთელობის დაცვის.