წინა შემდეგი

ირაკლი ბუგიანი - ხილვის მაძიებელი

7 დეკემბერი, 2022 - 5 თებერვალი, 2023

ართბითი, პავლე ინგოროყვას ქ. 14, თბილისი

ართბითი წარმოგიდგენთ ირაკლი ბუგიანის პერსონალურ გამოფენას „ხილვის მაძიებელი“.

„იქ, სადაც მე ვცხოვრობ - ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალია (დიუსელდორფი) - ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონია მთელს ევროპაში. ერთადერთი საშუალება, რომ ცივილიზაციას და ადამიანებს გაერიდო, მდინარე რაინის პერიფერიული ნაპირებია. შესაბამისად, აქ იშვიათად შეხვდებით ძაღლებთან ერთად მოსეირნეებს, მორბენალ ადამიანებსა თუ ცხენოსნებს. ინსპირაციის საძიებლად მეც სწორად ამ მდინარეს მივაშურებ ხოლმე.

მდინარე რაინის კალაპოტი ადრე ბევრად უფრო ფართო და ჭაობებით გარშემორტყმული იყო. 1860-იანი წლებიდან მდინარის ნაპირებზე დაარსებული ქიმიური კონცერნების (BASF, Bayer, და ა.შ.) ინდუსტრიული ნარჩენები წყალში ჩაედინებოდა. 1870-იან წლებში ადამიანებმა მდინარის მოთვინიერება დაიწყეს. მას ბევრი ბუნებრივი შენაკადი ჩაუხერგეს და მჭიდრო კალაპოტში მოაქციეს. დღესდღეობით მდინარე რაინი ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო არტერიაა ინდუსტრიული თუ სხვა სახის ტვირთების გადასაზიდად. სულ ცოტა ხნის წინ (2021) გერმანიაში რეკორდულად დიდი წყალდიდობა მოხდა, რომელიც ექსპერტების აზრით მდინარეების ექსპულატაციის და კალაპოტების დავიწროების შედეგია. 2022 წლის ზაფხულში კი რეკორდული სიცხეების შედეგად, წყლის რაოდენობა იმდენად შემცირდა, რომ სატრანსპორტო ტვირთების და გემების რაოდენობა რეკორდულ მინიმუმს გუტოლდა. ცივილიზაციის აუცილებელი პირობაა ბუნების კონტროლი და ამიტომ ეს მდინარეც მოშინაურებულ ცხოველს ემსგავსება, რომლის მოთვინიერებაც შეუძლებელია“ - ირაკლი ბუგიანი.

გამოფენა „ხილვის მაძიებელი“ ერთგვარად გვაბრუნებს ჩვენს პირვანდელ მდგომარეობასთან, დაკარგულ, თავდაპირველ სამყაროსთან, სადაც ადამიანი პირდაპირ კავშირში იყო ბუნების ძალებთან, სადაც ის არსებობდა მასთან ერთად და არა მის წინააღმდეგ. მექანიკური, ინდუსტრიული სინამდვილისგან დისტანცირებით, მხატვარი ერთგვარი დამკვირვებლის როლში გვევლინება, რომელიც მნახველს ცნობიერების მიღმა მოგზაურობას სთავაზობს.

გამოსახულებები, რომლებიც ჩვენს თვალწინ ცოცხლდებიან თავისი სრული იდუმალებით, ინდუსტრიულ სამყაროსთან თანამყოფობით, აპოკალიპტური ხიბლის ელფერს იძენენ. მიმდინარე გამოფენის სათაური ერთგვარი ალეგორიაა სხვა რეალობებისა და განზომილებების ძიებისა, მნახველი ნამუშევრების დათვალიერებისას მედიტაციურ მოგზაურობას გადის.

გამოფენილი ნამუშევრების ძირითადი ნაწილი მდინარე რაინის ნაპირას მიღებული შთაბეჭდილებების შედეგად შეიქმნა. ტილოებზე გამოსახული ობიექტები - სატვირთო გემების საგზაო ნიშნები, ხიდები, ტრანსპორტი, ქარხნების საკვამურები თუ სხვადასხვა სახის ფრინველები ატარებენ მკვეთრად ექსპრესიულ ხასიათს, რაც გამომდინარეობს მათი ფერებით და დინამიური მონასმებით. თითოეულ გამოსახულებაში მკაფიოდ იკითხება ბუნებრივი ლანდშაფტის და ინდუსტრიული არტეფაქტების წინააღმდეგობა.

ნამუშევრებში, სადაც ბუნება წინა პლანზე იწევს, დომინირებს სპექტრალური - ლურჯი, ცისფერი, მაგენტა, მწვანე ფერები. სურათის ზედაპირზე კი იჭრებიან მართხკუთხა ანდა წრიული ფორმის კონსტრუქციები, რომლებიც არსებითად ცვლიან კომპოზიციურ დინამიკას. მხატვარი ბუნებრიობის და ადამიანის დომინირებულ ბუნებას შორის არსებულ კონფლიქტს ასახავს. ერთ ნამუშევარში გვხდება ინდიელთა ფიგურები და მათ ზემოთ გერმანულ ენაზე წარწერები, რომლებიც ქართულად ასე ითარგმნება: „მე ვცხოვრობდი იქ მშვიდად“ და „ოჯახი ხეების ჩრდილში“. გამოსახული ფიგურები წარსულის ლანდებად გვევლინებიან და გვახსენებენ დასავლური ცივილიზაციის პრემოდერნულ სამყაროს. ინდიელთა სულიერი წინამძღოლი Lame Deer (ქართ.: კოჭლი ირემი) ამბობდა, რომ ხელოვანები არიან როგორც „თეთრკანიანებს შორის ინდიელები“, მეოცნებეები და ვიზიონერები, რომლებსაც ფარდის მიღმა ჭვრეტა შეუძლიათ.

მხატვარი გვთავაზობს გავიხედოთ სხვადასხვა რთულ, კომპლექსურ არტეფაქტთა კონსტრუქციების მიღმა და აღმოვაჩინოთ ბუნების შეუცნობელი მხარე, იქნება ეს ჰორიზონტის პეიზაჟი თუ ფანჯრიდან დანახული ღრუბლიანი ცის ფრაგმენტი. საბოლოო ჯამში, ბუნება ამ კონსტრუქციებიანად კალეიდოსკოპური სიხშირით უცნაური ქრომატული თამაშის მონაწილე ხდება და ჩვენს პრიმორდიალური სამყაროს საწყისებს ცნობიერებას ახსენებს. ირეალური რეალურის სახეს იძენს, ჩვენს აღქმას კი განზომილების ცვლილებას და სრულიად ახალ ტონალობებს სთავაზობს.

ირაკლი ბუგიანი ძირითადად ფერწერის მედიუმში მუშაობს, ასევე მიმართავს კოლაჟის ტექნიკას. სურათებისთვის იყენებს ძველ და ახალ ფოტოებს, სხვადასხვა ვიზუალურ ინფორმაციას, ტექსტებს იმ მოვლენების შესახებ, რაც მის გარშემო, რეალურ ცხოვრებაში - სოციალურ, სამეცნიერო, პოლიტიკურ სიტუაციებში ხდებოდა ან ხდება.
ბუგიანისთვის მნიშვნელოვანია თვითონ მუშაობის პროცესი და ამ პროცესის ხილვადობა ტილოებზე. იგი ზოგჯერ სპეციალურად ტოვებს ტილოზე მუშაობის პროცესის სხვადასხვა ეტაპზე გაკეთებულ ფრაგმენტებს, თითქოს დაუმთავრებელია სურათები.

მნიშვნელოვანი სოლო და ჯგუფური გამოფენები:
2022 - ხილვის მაძიებელი, ართბითი, თბილისი, საქართველო; ბაღის კარიბჭე, ES365, დიუსელდორფი, გერმანია; ღია ცისფერი წერტილი, საერთაშორისო პოზიციები გარემოს შესახებ, ES365, დიუსელდორფი, გერმანია; 2020 - თითქმის იქ, ციფრული გამოფენა ნამუშევრებით ბრიტანეთის საბჭოს კოლექციიდან, 2018 - გასაქცევი არსაით, ართბითი, თბილისი, საქართველო; 2017 - ლურჯი გვირაბი, ინსტალაცია, ართბითის მოძრავი გალერეა, თელავი, საქართველო; 2016 - ხედავდე სამყაროს ქვიშის მარცვალში, საქართველოს ეროვნული მუზეუმი დიმიტრი შევარდნაძის ეროვნული გალერეა, თბილისი, საქართველო; 2015 - Heritage (მემკვიდრეობა) Rich Mix, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; 2014 - საზღვრების გადკვეთა, AT388, როტერდამი, ნიდერლანდები; 2013 - ჯილდო - Kunstpreis Junger Westen 2013, კარლსრუე, რექლინგჰაუზენი, გერმანია; 2012 - Post Coitum Omne Animal Triste Est, Damenundherren e.V., დიუსელდორფი, გერმანია; 2011 - Zwischen Gestern und Morgen, Gallery 10, კარლსრუე, გერმანია.