წინა შემდეგი

სალომე ჩიგილაშვილი - მუცლის თმა

11 თებერვალი - 19 მარტი, 2023

ართბითი, პავლე ინგოროყვას ქ. 14, თბილისი

ართბითი წარმოგიდგენთ სალომე ჩიგილაშვილის პირველ პერსონალურ გამოფენას საქართველოში - “მუცლის თმა".

მუცლის თმა ადამიანის პირვანდელი, თანმდევი მატერიაა, პირველი თმა, რომლითაც თითქოს უკვე არსებულ მოცემულობაში იბადები. გარკვეული დროის შემდეგ ხდება ამ თმის მოჭრა, როგორც ამ მოცემულობის რღვევა, შემდეგ კვლავ ზრდა და ამგვარად, ამ შეუქცევადი პროცესის ცირკულირება.

ხელოვანი თავისი ნამუშევრების სერიაში პირადი გამოცდილებებიდან გამომდინარე იკვლევს დროისადმი რეზისტენციის თემას და ცდილობს, დააფიქსიროს კავშირი დროში მომხდარ მოვლენებს შორის. "მუცლის თმა” ერთგვარი მეტაფორაა, რომელიც ირიბად მიანიშნებს ყოფიერების არსებობის ფორმაზე, მის რეზისტენტულობაზე, სადაც ერთი და იმავე საგანთა და მოვლენათა განმეორება/დაბრუნება ხდება. გამოფენა იმეორებს კოსმოგონიური მითოსის არქეტიპულ სტრუქტურას და ციკლურობის კონცეფციას.

თმა, როგორც სიცოცხლის ენერგიის მატარებელი, ინარჩუნებს საკუთარ გენეტიკურ ინფორმაციას თვითგანახლების ფუნქციის წყალობით. მისი არსებობა მუდმივი თვითგანახლების პროცესია. გამოფენაში ჩვენ ვხვდებით კვადრატის ჩარჩოში მოქცეულ/გამავალ თმის მსგავს თაბაშირის ობიექტებს. ისინი მოქცეულნი არიან კოსმოგონიური სტრუქტურის ციკლურ ბრუნვაში. ქსოვილზე ნაქარგი ფორმები მოძრაობაში მოდიან ერთმანეთთან და ქმნიან დინამიკური რეზისტენციის განცდას. თითქოს ერთგან მათი მოძრაობა წყდება, მაგრამ მეორეს მხრივ გრძელდება განვრცობა/გაფართოების ინსტიქტი.

გამოფენის ერთ-ერთი ნამუშევარი წარმოადგენს ყინულის ობიექტს, რომლის დნობის პროცესი საგამოფენო სივრცეში არსებულ ბუხარში მიმდინარეობს. ეს ის კერაა, რომელიც ყოველდღიურობის მოცემულობებს აერთიანებს, ხოლო მასში არსებული ყინულის ობიექტი პოტენციური გარდაქმნის სუბსტანციაა. ყინულის ობიექტი თითქოს არსებულ მატერიას შთანთაქვს და გარდაქმნის ერთი მდგომარებიდან მეორეში. ამ დროს შესაძლებლობა იქმნება  საგნებმა დააღწიონ თავი დროის ციკლურობასა და  მარადიულ განმეორებას. თუმცა, ნებისმიერი ცვლილება ტოვებს თავის პირვანდელი სახის კვალს. ეს პროცესი იძლევა საშუალებას, დავაკვირდეთ ექვემდებარება თუ არა საგანი დროში ცვლილებას. შეუძლია თუ არა მას ციკლური პროცესიდან თავის დაღწევა და ახდენს თუ არა ის ინფორმაციულ თვითრეპროდუქციას.

სალომე ჩიგილაშვილმა (დ. 1996 წელს თბილისი, საქართველო) დაამთავრა თბილისის თვისუფალი უნივერსისტეტის - ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა (VA[A]DS).

სალომე არის მულტიმედია ხელოვანი, ძირითადად მუშაობს სკულპტურაში, ფერწერასა და მიგნებულ ობიექტებზე. ხშირად ის მატერიალად იყენებს ძაფებსა და ბათქაშს.

მნიშვნელოვანი გამოფენები:
2022 - “სიმღერები დავიწყებით კვდებიან", ართბითი, თბილისი, საქართველო; “XX-XXI, ქართული ხელოვნება კერძო კოლექციებიდან“, დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, თბილისი, საქართველო; 2021 - Aaahhh!!! Paris Internationale Art Fair, წარმოდგენილი ართბითის მიერ, პარიზი, საფრანგეთი; “შორეული სიმფონია“, წარმოდგენილი ROOMS STUDIO-ს მიერ, ემა სკულის გალერეა, ნიუ-იორკი, ამერიკა; “სადმე სხვაგან“, ROOMS STUDIO-სთან თანამშრომლობით, ბაზალეთის სოფელი, საქართველო; 2020 - “ცხრატუჩა ქალღმერთი“, ართბითი, თბილისი, საქართველო; “აუცილებელი რიტუალები“, გალერეა 4710, თბილისი, საქართველო; “ჯვარედინი დინებები“, Window Project, თბილისი, საქართველო; 2019 - “ამბავი, როგორც ნაქსოვი ხალიჩა“, 68 Projects Gallery, ბერლინი, გერმანია; “ტაბულა რასა“, კუნსტჰალლე თბილისი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისი, საქართველო; “Stitching Stones“, Situationist-თან თანამშრომლობით, Somerset House, ლონდონი, ინგლისი; 2018 - “არტისტერიუმი“, თბილისის მე-11 თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა, საქართვეელოს ეროვნული მუზეუმი, თბილისი, საქართველო; “Oxygen Tbilisi_No Fair“, სტამბა  D Block, თბილისი, საქართველო; 2016 - “All And Everything“, გალერეა არტარეა, თბილისი, საქართველო.