წინა შემდეგი

ნატო სირბილაძე - სინათლის ანარეკლები

3 ივნისი - 9 ივლისი, 2023

ართბითი, პავლე ინგოროყვას ქ. 14, თბილისი, საქართველო

ართბითი წარმოგიდგენთ ნატო სირბილაძის პირველ პერსონალურ გამოფენას ‘სინათლის ანარეკლები’ გალერეაში.

მიმდინარე ექსპოზიცია ქართველი მხატვრის, ნატო სირბილაძის სხვადასხვა პერიოდში შესრულებულ ნამუშევრებს აერთიანებს. გამოფენა მხატვრის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებს ასახავს და თავს უყრის 1980-იანი წლებიდან დღევანდელ დღემდე შექმნილ ნამუშევრებს.

ხელოვანის მრავალშრიანი შემოქმედება გაჯერებულია საკრალური მოტივებით, ფანტასმაგორიული ნიშნებითა და კოლექტიური მეხსიერებით. წარმოდგენილი ნიმუშები წარმოსახვით პორტალს ქმნიან გარდამავალ და ლიმინარულ სივრცეს, სადაც ზღვარი იშლება ყოფითსა და საკრალურს შორის, რეალობასა და წარმოსახვითს შორის. ნატო სირბილაძის შემოქმედებითი პროცესი მთლიანად სხვასთან ურთიერთობაა, სხვა მესთან, რომელიც მეხსიერების მატარებელიცაა და ცვლილების აგენტიც. მხატვარი იდენტიფიცირებას ახდენს სხვადასხვა ავტორთან და საკუთარ მხატვრულ კოდებად თარგმნის მათ გამოსახულებებს.

ხელოვანი ნამუშევრებში იდუმალ და დამატყვევებელ სამყაროებს ქმნის და სიზმრისეული ილუზიის შემოტანით მნახველში ართულებს დროისა და სივრცის განსაზღვრულობას. მის შემოქმედებაში ხშირად ფიგურირებს საზღვაო თუ ურბანული პეიზაჟის მოტივები. ჩვენ ვხედავთ პალიასტომის ტბაზე, თუ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ქალის სხეულებრივი ფორმების ჰაეროვან გამომსახველობებს... ისინი თითქოს ასხივებენ მზის და ლაჟვარდის ეფექტს და დინამიურ ფორმებში ეწერებიან ლანდშაფტს.

სირბილაძის შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი ნიშნული იდენტობის, როგორც კულტურული ინფორმაციის აღმოჩენაა და ამ ინფორმაციის ვიტალობით ავსების პროცესია. ხელოვანის ნამუშევრები მისსავე დეტალებში მოთავსებული მეხსიერება (იქნება ქართული მხატვრობის ტრადიციები, შუა საუკუნეების კედლის მხატვრობა, ნათელა იანქოშვილის მხატვრობა თუ ნიკო ფიროსმანის მემკვიდრეობა) არსებულ დაფარულ კოდირებულ ინფორმაციას გარდაქმნის სინათლის მატრიცაში ვიზუალურ-ენობრივი თამაშის ფორმით. სწორედ ასეთ ინფორმაციულ ნიშნულად იქცა ფიროსმანის მხატვრობა მისთვის, რამდენადაც ის იმ საიდუმლო რიტუალური თამაშის მონაწილედ გვხდის, რომელიც საზრისულ ყოფიერებასთან გვაახლოვებს.

საგამოფენო სივრცეში სხვადასხვა დეტალში გამჟღავნებული შავი და თეთრი ფერი ერთგვარი გამოძახილია ფიროსმანის მემკვიდრეობასთან. მასში გაერთიანებულია ორი ძირეული კომპონენტი, თეთრის (სინათლე) და შავის (სიბნელე) ასახვის დუალური პრინციპები, რომელიც საექსპოზიციო სივრცის სტრუქტურირებას ახდენს. შავი კედელი, რომელიც სივრცეში იჭრება სიმბოლურ დონეზე იმეორებს უსასრულო შავ ფონს, მარადიულობის სიმბოლოს საიდანაც სინათლე ასხივებს. სირბილაძის შემოქმედებას მუდმივად თან სდევს ‘შავი ფერის’ ის რიტუალური ბუნება, რომელიც ესოდენ ძლიერად არის წარმოდგენილი ფიროსმანის მხატვრობაში. ღამისეულ შავ ფერში ჩვენ შეგვიძლია მზის და სინათლის არეოპაგიტული გაგებით ამოკითხვა, სადაც სიბნელე სწორედ ღვთიური წყაროდან მომავალი ჭარბი სინათლის ეფექტია.

ნატო სირბილაძე დაიბადა 1955 წელს თბილისში. მან ხატვა 31 წლის ასაკში დაიწყო. ნახატები ძირითადად შესრულებულია ქაღალდზე, რამდენიმე ასეული ნამუშევარი გუაშითა და აკვარელით აქვს შექმნილი. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა პედაგოგიურ ინსტიტუტში განაგრძო. სხვადასხვა დროს მუშაობდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მართვის ინსტიტუტში, სკოლაში. სირბილაძე არის მხატვარი, რომელიც არასოდეს ყოფილა არც ერთი სახელოვნებო სკოლის ან ჯგუფის წევრი. იგი ასევე იშვიათად მოიხსენიება ადგილობრივი მხატვრული კონტექსტის ნარატივებში და დამოუკიდებლად აგრძელებს შემოქმედებით გზას. მისი რეპრეზენტაცია საჯარო სივრცეებში შემოიფარგლა რამდენიმე ადგილობრივი და რამდენიმე ჯგუფური გამოფენით საზღვარგარეთ.

მნიშვნელოვანი სოლო და ჯგუფური გამოფენები:
2022 - ARCO Lisboa 2022 ხელოვნების ბაზრობა, ლისაბონი, პორტუგალია; ‘ძველი მეხსიერების სურათები’, პერსონალური გამოფენა, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი, თბილისი, საქართველო; 2020 - ‘ცხრატუჩა ქალღმერთი’. ჯგუფური გამოფენა, თბილისი, საქართველო; 2015 - მაია ღოღელიანის პროექტი ‘დღეები ჩემთან’; 2014-2015 - ჯგუფური გამოფენა, ფოლკლორის ცენტრი; 2013 - ლიტერატურის მუზეუმი; 2000-2007 - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; 1995-2004 - გალერეა გრაფი ჰაიდელბერგი.