წინა შემდეგი

ფერწერის გამოფენა

ართბითი, პავლე ინგოროყვას ქ. 14, თბილისი

21 ივლისი - 3 სექტემბერი, 2023

გალერეა ართბითი წარმოგიდგენთ ჯგუფურ ‘ფერწერის გამოფენა’-ს , რომელიც თერთმეტი ქართველი და უცხოელი ხელოვანის ნახატს აერთიანებს.

მონაწილე ხელოვანები არიან: მარიამ გულედანი, ბრაიან დეგროუ, მარი ისტმანი, ტიაგო კარნეირო და კუნა, ელენე მელიქიძე, დომინიკ ნოულესი, თორნიკე რობაქიძე, გურამ შავდია, ელენე შატბერაშვილი, თამო ჯუღელი, დევიდ ჰორვატი.

გამოფენა მთავარ აქცენტს სვამს ფერწერაზე, როგორც ადამიანის ეგზისტენციურ-მენტალური სუბსტანციის გაფართოებაზე და აკვირდება ფერით წერას, როგორც საზრისული ყოფიერების გამოვლინების თვითკმარ სისტემას, რომელიც ენობრივი სხეულის ასაგებად იყენებს ფერებს, ტექსტურას, შუქსა თუ მოძრაობას. მაგრამ ამავდროულად გამოფენა დამთვალიერებელს სთავაზობს თერთმეტი განსხვავებული და თვითმყოფადი ხელოვანის ნამუშევრებს, რომელთათვისაც ფერწერა რჩება გამოხატვის მთავარ საშუალებად და იმად, რაც ამ ხელოვანებს აერთიანებს.

მხატვარი ფერებით წერს იმას, რისთვისაც სხვები სიტყვებს იყენებენ. ფერი, როგორც ესთეტიური ელემენტი უკვე საუკუნეების მანძილზე ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილია. გამოხატვის ეს მეთოდი გაცილებით ძველია, ვიდრე ნებისმიერი ცოცხალი თუ მივიწყებული დამწერლობა. ფერწერა ფლობს განსაკუთრებულ შესაძლებლობას, გადალახოს ენობრივი საზღვრები და კომუნიკაციის ალტერნატიული გზები შემოგვთავაზოს. თუკი ენა ეყრდნობა სიტყვებს და მათ მნიშვნელობებს, მხატვრობა უნივერსალური ენაა და შესაბამისად, როგორც მედიუმი, ადამიანის კომუნიკაციის გაფართოების შესაძლებლობად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ბუნებრივი ენა ადგენს ფენომენოლოგიური სამყაროს საზღვრებს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ხოლო ფორმალური სისტემები, რომელშიც ნიშნები მხოლოდ საკუთარი აღმნიშვნელობით შემოიფარგლებიან, შეიძლება ვერ პასუხობენ ადამიანის ყველა მოთხოვნილებას. შესაბამისად, ფერით წერა ერთგვარად ამ ფორმალური ენის გარეთ გასვლის მცდელობაა, რომელიც თავისი სიმბოლური ენით მუდმივად უპირისპირდება მას და აფართოებს თავისი გამომსახველობით ჩვენს სააზროვნო ჰორიზონტს. გამოფენა იწვევს დამთვალიერებლებს, რომ მზერა მიმართონ ნახატებისკენ, დააკვირდნენ თავიანთ მზერას და იფიქრონ იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც ეს გამოცდილება შეიძლება ქმნიდეს მათთვის, იქნება ისინი მათ გარე სამყაროსა თუ შინაგანზე მიმართული.