წინა შემდეგი

ნინა კინწურაშვილი - Mute Things

27 ოქტომბერი - 10 დეკემბერი, 2023

ართბითი, პავლე ინგოროყვას ქ. 14, თბილისი

ართბითი წარმოგიდგენთ თბილისში მოღვაწე ხელოვანის, ნინა კინწურაშვილის პირველ პერსონალურ გამოფენას გალერეაში, რომელიც მოიცავს ხელოვანის ახალ ფერწერებს და გრაფიკული ნამუშევრების ინსტალაციას.

ნინა კინწურაშვილის ანალიტიკური, მაგრამ ამავე დროს, ინტუიტიური მიდგომა აბსტრაქტული ფერწერის მიმართ უღრმავდება თავად მედიუმის კომპლექსურობას. მისი ფორმების კვლევა ვლინდება მრავალფეროვან სურათ-ხატებში (იმიჯებში) და ფართო სპექტრის ფერწერით ტექნიკებში. ხელოვანი ტილოზე მუშაობს ინდივუდუალურად, რის შედეგადაც თითოეულ მათგანს გააჩნია შინაგანი ლოგიკა და ქორეოგრაფია. სპეციფიური ფორმალური საკითხების მიმართ მრავალგვაროვანი მიდგომა და კვლევა ხელოვანს აქცევს სხვადასხვა მეთოდის მატარებლად. სურათ-ხატის შექმნის პროცესში ფერი, ხაზი, საღებავის მატერიალურობა, მონასმის სიჩქარე, იუმორი, ადამიანური მეხსიერების დამაბნეველი ბუნება და მათ შორის დროის კონცეპტიც გამოყენებულ ინსტრუმენტად იქცევიან.

დეკონსტრუქცია, რეფლექსია და სარკისებრი ასახვა ნინა კინწურაშვილის აბსტრაქტული ნამუშევრების წამყვანი საკითხებია. ხელოვანი რღვევის ზღვარზე მყოფი ფორმის მოხელთებისას ქმნის მრავალშრიან და ფლუიდურ ნიშნებს. ეს მოყვანილობები აჩვენებენ გამოხატულ კორპორეალურ მახასიათებლებს, ქმნიან პერსპექტივას და მათ შიგნით არსებული სემი-პერსპექტივის განცდას. მიღებული შედეგი მიიღწევა არა მხოლოდ ფენების ერთიმეორეზე დადებით, არამედ მათი წაშლის და რეგენერაციის მიზანმიმართული აქტით. საგნობრივი დეკონსტრუქციის პროცესი ხაზს უსვამს ლინეარული აღქმის პირობითობას და გვთავაზობს ალტერნატიულ პერსპექტივებს, რომლებიც განსხვავდებიან დადგენილი იდეოლოგიებისგან. მისი კვლევის საგნები, იქნება ეს არქეოლოგიური არტეფაქტი, შუა საუკუნებიის წაშლილი ფრესკა თუ რეფერენსი ხელოვნების ისტორიიდან, გარდაიქმნებიან ახალ, სინთეტურ ფორმად. შემოქმედებითი პროცესის მეშვეობით ობიექტები განიცდიან ვიზუალურ და სემანტიკურ მეტამორფოზას, იცლებიან თანმდევი მნიშვნელობებისგან და რეფერენსებისგან და ამგვარად, თავისუფლდებიან დადგენილი იდეოლოგიური სარჩულისგან.

ნინა კინწურაშვილი (დაბ.1992) თბილისში მოღვაწე ინტერდისციპლინარული ხელოვანი და ფერმწერია. თბილისის სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ (2010-2014) , მან სწავლა გააგრძელა ფულბრაიტის სტიპენდიით აშშ ში , აიოვას უნივერსიტეტის ახალი მედია ხელოვნების ფაკულტეტზე (2017-2020).

ნინას ნამუშევრები გამოფენილა სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში (მესტია, სვანეთი), გალერეა LC Queisser-ში (თბილისი), E.A. Shared Space-ში (თბილისი), არკო მადრიდზე (ესპანეთი), PS1 Iowa City-ში (აშშ), Levitt Gallery UofI-ში (აშშ), Ortega y Gasset Projects -ში (აშშ), Everywoman Biennial-ზე (ბრიტანეთი) და Ekru Projects- ში (აშშ).