წინა შემდეგი

ბესო უზნაძე - კბილის ტკივილი პარიზში

ართბითი, პავლე ინგოროყვას ქ. 14, თბილისი

16 დეკემბერი, 2023 - 11 თებერვალი, 2024

'რაღაც მხრავს.
ძალიან ბევრს ვსვამ.
ძალიან ბევრს ვეწევი.
ძალიან ნელა ვკვდები.'

ჰაინერ მიულერი

ბესო უზნაძის ნამუშევრებში არსებობის არარსებობასთან მიმართება საკმაოდ ღრმა და რთულ ონტოლოგიაში ვლინდება. მხატვარი თითქოს ერთ დიდ ფსიქოგრამულ რუკას ქმნის, სადაც აღწერილია სხვადასხვა მდგომარეობა, იქნება ეს ტრავმა, შიში, ფრუსტრაცია, გაუცხოება თუ გაურკვევლობა. ის თითქოს გაშუალებულია და უახლოვდება არსებობის აბსურდულ ფორმებს. თუმცა, სინამდვილეში მას წინ უძღვის რიგი კომპლექსური ქვეტექსტები და ემოციური ფონი, რომლებიც განსაზღვრავენ მის შემოქმედებით კონტექსტს, იქნება ეს მიგრაცია, იდენტობის პრობლემატიკა, მწვავე პოლიტიკური თუ სოციალური ფონი. სწორედ ამ დროს, ალბათ მთავარი ამოსავალი წერტილი ხდება ერთბაშად კონცენტრირებული ინფორმაციისგან გამოთავისუფლება.

უზნაძის შემოქმედებაში აბსტრაქტულ ფორმამდე მისვლა შეიძლება განვიხილოთ, როგორც მრავალშრიანი იდენტობის აბსტარაგირების პროცესი. ხელოვანის თვითგამოხატვა სპონტანური მხატვრული აქციის საშუალებით ხდება, ის თითქოს ავითარებს რიტუალური  ხატვის პროცესს. საღებავი პირდაპირ იატაკზე გაშლილ ტილოზე იფრქვევა, როგორც ფერადოვანი აფეთქება. მისი ფერწერები ორ მთავარ კომპონენტს ხაზსა და ფერს ემყარება. ფერწერული ქსოვილი არეულ-დარეული, ზიგზაგისებური ხაზებით, სწრაფი ქმედებით და იმპულსური მოხაზულობებით ლაბირინთს ქმნის. თითქოს მისი შემოქმედება ჯერ ქაოსს უნდა დაემსგავსოს და თვითგანადგურებას უნდა მიეცეს, რათა კვლავ განახლება შეძლოს. შესაძლოა, ამ დროს ჩვენს თვალწინ გაიელვოს ნიუ მექსიკოს ტოტემის ქვიშის გამოსახულებებმა, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მზის ამოსვლისას აღიმართებოდა ხოლმე და რიტუალის შესაბამისად, მზის ჩასვლისას ისევ ნადგურდებოდა.

ბესო უზნაძის სახვითი მეთოდოლოგია მჭიდრო კავშირშია ფოტო მედიუმის სპეციფიურ ეფექტთან, რაც გულისხმობს მრავალშრიანი ნახევრად გამჭვირვალე გამოსახულებების მიღებას. კონკრეტულად კი იგი იქმნება ორი განსხვავებული გამოსახულების ერთმანეთზე  დადებით. ხელოვანი ამჟამადაც იყენებს ანალოგიურ მიდგომას და ერთმანეთზე გადაკერებული ტილოებით ქმნის მრავალშრიან აბსტრაქციებს. ექსპოზიციაზე გამოფენილი  აბსტრაქტული ნამუშევრების სტრუქტურა შესაძლოა მხატვრის ავტოპორტრეტადაც წავიკითხოთ, დანაწევრებული, ფრაგმენტული და მულტი პერსპექტიული ხედვის ნიშნებით. მისთვის მონოლითური სტრუქტურა კარგავს საფუძველს და იხსნება ღია და ცვალებადი მოცემულობებისთვის. აქ ალბათ ყველაზე კარგად წარმოჩნდება თანამედროვე  ადამიანის იდენტობის მუდმივად ცვალებადი ბუნება და საარსებო ზონა, რომელიც უკვე აღარ არის უცვლელი და ფიქსირებული სტრუქტურა, ის გახდა ცვალებადი, ღია მოცემულობა.

ბესო უზნაძის არტისტული გზა პორტრეტული ფოტოგრაფიით იწყება. ამ ფოტოებით ავტორი ადამიანებს გვაცნობს და თვალსაჩინოს ხდის იმას, რაც ზედაპირზე არ ჩანს - შინაგან კავშირს არტისტსა და მის მოდელებს შორის, რომელიც შექმნის პროცესში იბადება.

2016 წელს ბესო უზნაძემ მისთვის სრულიად ახალ მედიუმს მიმართა. უზნაძის ბოლო ნამუშევრები დიდი ზომის აბსტრაკტული ნახატებია. ტილოზე გადატანილია არტისტის წარსული გამოცდილება - სპონტანური, სწრაფი და მსუბუქი აბსტრაქციები. ისევე, როგორც მისი ფოტოგრაფია, ბესო უზნაძის აბსტრაქტული ტილოები ხილულს ხდის უჩინარ კავშირს ნამუშევრებსა და მათ შემქმნელს შორის. ფოტოგრაფიასა თუ მხატვრობაში, არტისტი ყველაფრისგან თავისუფლდება და საკუთარ შემოქმედებაში იკარგება.
ბესო უზნაძე (1968 წელი, თბილისი, საქართველო) ცხოვრობს და მოღვაწეობს ლონდონში, დიდ ბრიტანეთში.