წინა შემდეგი

ირაკლი ბუგიანი - ხედავდე სამყაროს ქვიშის მარცვალში

6 - 23 ოქტომბერი, 2016

დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, თბილისი, საქართველო

კურატორი: ლევან მინდიაშვილი

ირაკლი ბუგიანის პირველი პერსონალური გამოფენა საქართველოში, რომელიც თბილისის ეროვნულ გალერეაში გაიმართება, თავს უყრის ხელოვანის საეტაპო ნამუშევრებს, რომლებიც მისი პრაქტიკის მნიშვნელოვან ასპექტებს წარმოაჩენენ.

ხელოვანის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია მისმა წარსულმა -  კერძოდ, კი “პერესტროიკისა” და საბჭოთა სისტემის ნგრევის შემდგომმა, რევოლუციებით სავსე, გარდამავალმა პერიოდმა. ის 2009-2012 წწ.-ში აღნიშნული მოვლენების გაანალიზებას იწყებს, რაც კარგად ჩანს ამ პერიოდში შექმნილ კოლაჟებში, რომლებიც სხვადასხვა საოჯახო ფოტო-არქივებიდან მოძიებულ მასალებზე დაყრდნობითაა შექმნილი.

2013-2014 წწ. ბუგიანისთვის საბჭოთა წარსული აქტუალურ თემად რჩება, თუმცა მისი ყურადღების ცენტრში ამჯერად საბჭოთა და პოსტ–საბჭოთა არქიტექტურა ექცევა. ის ქმნის სერიას, სახელწოდებით - „სოვიეტიკუმ“, სადაც არქიტექტურა გააზრებულია, როგორც ადამიანებისა და მათი კულტურული გარემოს მაფორმირებელი ფაქტორი.

2014-2015 წწ. მხატვრის შემოქმედებაში კედლის მხატვრობის მიმართ ჩნდება ინტერესი. ბუგიანი თანაორგანიზატორია არტ პროექტის – 191°S (დუსელდორფი), რომლის ფარგლებშიც ის ორ მონუმენტურ, ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულ, კედლის ნამუშევარს ქმნის.

ეროვნული გალერეის გამოფენის სახელწოდება შერჩეულია ინგლისელი პოეტის, უილიამ ბლეიკის ლექსის სტრიქონიდან - „To See a World in a Grain of Sand“ („ხედავდე სამყაროს ქვიშის მარცვალში“). ეს მეტაფორა სამყაროს განზომილებების ერთიანობასა და მათ ფრაქტალურ - თვითმსგავს აგებულებაზე მიგვანიშნებს, რასაც მხატვარი უახლეს ნამუშევრებში განსაკუთრებული ინტენსიურობით ეხმიანება. ფერწერული ტილოები დამოუკიდებელ ობიექტებად გვევლინებიან, სადაც დიდი ყურადღება ექცევა ტილოს ზედაპირის ფაქტურასა და რამდენიმე თხელ ფენად დადებული ზეთის საღებავების გრადაციას. ირაკლი ბუგიანი რეპრეზენტაციული ელემენტების მქონე აბსტრაქტული ფერწერის მეშვეობით ცდილობს სამყაროს ამოუცნობი, მისტიური ასპექტების აქცენტირებას.

ირაკლი ბუგიანი (დაბ. 1980) ცხოვრობს და მუშაობს დიუსელდორფში, გერმანია.

ბუგიანი დაიბადა თბილისში, სადაც 2001 წელს დაასრულა სწავლა თბილისის სამხატვრო აკადემიაში სახვითი ხელოვნების მიმართულებით. შემდეგ სწავლობდა რუანის სახვითი ხელოვნების სკოლაში, საფრანგეთში; კარლსრუეს სახვითი ხელოვნების აკადემიაში მიიღო მაგისტრისხ ხარისხი, შემდეგ 2010 წელს სწავლა დაასრულა დიუსელდორფის ჰაინრიჰ ჰაინეს უნივერსიტეტში ხელოვნების ისტორიის მიმართულებით.

არტისტი მუშაობს ფერწერის და კოლაჟის მედიაში. მის ნამუშევრებში ასახულია არქიტექტურის ინტერიერი და ექსტერიერი ადამიანების გარეშე. აბსტრაქტული გამოსახულება იქმნება ზეთის საღებავის უხეში მონასმებით ტილოზე, რომელიც კომბინირებულია აპლიკაციასთან. ნამუშევრები დაუსრულებლის შთაბეჭდილებას ტოვებს. იმპრესიონისტული ლანდშაფტები და ზღვის ხედები, წაშლილი პორტრეტები უკავშირდება გამოგონილი და ისტორიული მოგონებების კვლევას. ნამუშევრების სიუჟეტი და მუშაობის სტილი არღვევს წესრიგს და ორაზროვან, გაურკვეველ შეგრძნებას იწვევს.

მნიშვნელოვანი სოლო და ჯგუფური გამოფენები: 
2015 – Heritage(მემკვიდრეობა), Rich Mix, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; 2014 - AT388, როტერდამი, ნიდერლანდები; 2013 - მემკვიდრეობა, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისი, საქართველო; 2013 ჯილდო -  Kunstpreis Junger Westen 2013, კარლსრუე, რექლინგჰაუზენი, გერმანია; 2012 -  Post Coitum Omne Animal Triste Est, Damenundherren e.V., დიუსელდორფი, გერმანია; 2011 - Zwischen Gestern und Morgen, Gallery 10, კარლსრუე, გერმანია.

ლევან მიდნიაშვილი (დაბ. 1979) ცხოვრობს ბრუკლინში, ნიუ იორკში.

მინდიაშვილის სამხატვრო ინტერესი ისეთ თემებს ეხება, როგორიცაა მეხსიერება და იდენტობა. ეს საკითხები დღესაც აქტუალურია საქართველოსა და ზოგადად პოსტ-საბჭოთა საქართველოს კულტურაში, სადაც არტისტი დაიბადა. დღემდე მისი ნამუშევრების ცენტრალური თემაა ურთიერთობა პირადსა და საჯაროს შორის, ამავე დროს კითხვის ნიშნის ქვეშ დგება სუბიექტ/ობიექტის დიქოტომია.

ისევე როგორც სუბიექტისა და ობიექტის დიქოტომიას, მინდიაშვილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზღვარს პირადსა და საჯაროს შორის. ხელოვანის შერეული ტექნიკის ნამუშევრები, სადაც სუბიექტი/ობიექტის, პირადისა და საჯაროს დიქოტომიების კრიტიკული კვლევაა მოცემული, კვლავ ე.წ. პოსტ-საბჭოთა კრიზისის აქტუალურ საკითხებს გვახსენებს. სერია რომელიც Boundaries-ზეა წარმოდგენილი წარმოდგენს დიალოგს ძალიან ინტიმურ ფიზიკურ სივრცესა და ნიუ იორკის არქიტექტურის ფრაგმენტებს შორის.

პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

ფოტოგრაფები: სანდრო სულაბერიძე და ანგუს ლიდლი ბრაუნი