წინა შემდეგი

მამუკა ჯაფარიძე - ნამუშევრები არქივიდან

18 ოქტომბერი - 8 დეკემბერი, 2019

გალერეა ართბითი, პავლე ინგოროყვას ქ. 14, თბილისი, საქართველო

გალერეა ართბითი წარმოგიდგენთ მამუკა ჯაფარიძის პერსონალურ გამოფენას, ნამუშევრები არქივიდან.

გამოფენა „ნამუშევრები არქივიდან“ ერთგვარი მცდელობაა აღწეროს მრავალ მედიუმში მომუშავე ქართველი არტისტის, მამუკა ჯაფარიძის შემოქმედების ეტაპები, 1990-იანი წლებიდან მოყოლებელი დღევანდელი დღის ჩათვლით. აქ თითოეული ვიზუალური მასალა, როგორც არტეფაქტი კონვერტირდება საკომუნიკაციო ფორმად და დიალოგის რეჟიმში განავრცობს ურთიერთობას სხვადასხვა ისტორიულ დროსთან და კონტექსტთან.

გამოფენა მხატვრის რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს: მითოლოგიურ თემატიკას, ლინგვისტური თამაშის პრინციპზე შექმნილ ნამუშევრებს, კიჩურ ფორმაში თარგმნილ ვიზუალურ გამოსახულებებს, რომლებიც ხელოვნებისადმი მომხმარებლურ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ, პროფანული პროცესების პოეტურ აქტად ქცევასა და მის ვიზუალურ მანიფესტაციას.

გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილია მამუკა ჯაფარიძის პირადი არქივი, სადაც თავმოყრილია მხატვრის პირადი ჩანაწერები, 80-90-იანი წლების მოვლენების ამსახველი ვიზუალური და ტექსტუალური დოკუმნატაცია, რაც დამთვალიერებელს შესაძლებლობას აძლევს რეფლექსირება მოახდინოს და გაიაზროს უახლესი ქართული თანამედროვე ხელოვნების ისტორია.

მამუკა ჯაფარიძე (დაბ. 1962წ. თბილისი) ცხოვრობს და მუშაობს თბილისსა და ლონდონში. მისი ნამუშევრების მედიუმი იცვლება კონტექსტიდან, სივრცის სპეციფიკიდან გამომდინარე და მოიცავს ჰეფენინგს, საგნების და სურათების კოლექციებს, ფოტოების არქივს, ვიდეო პროექციებს, ფოტოგრაფიას, ლინგვისტურ თამაშებს, ნახატებს, ხმოვან ჩანაწერებს, პრინტებსა და სხვა, რომლებიც დიდი დროის მანძილზე გროვდებოდა.

1992 წელს მხატვარი ქმნის კონცეპტუალურ გალერეას „რამზესმზერა“, რომლის კონტექსტში აკეთებს რამდენიმე პროექტს, სადაც მის გარდა სხვა არტისტებიც მონაწილეობენ. (გამოფენაზე წარმოდგენილია ამ გამოფენების პოსტერები და ფოტო დოკუმენტაცია.)

მისი ნამუშევარი „From TARTARA experience“ 1999 წელს ვენეციის 48-ე ბიენალეზე საქართველოს პავილიონში იყო წარმოდგენილი. ამავე წელს ატლანტაში აჩვენეს მისი ფილმი „Eye Trees“. არტისტის ნამუშევრები რამდენჯერმე იყო გამოფენილი საქართველოს ეროვნულ გალერეაში, მათ შორის 2012 წელს Reframing the 80’s და 2014-ში Re:Museum, ხოლო 2016 წელს ნიუ-იორკში, გალერეა Art in General-ში.

ამჟამად მხატვარი მოღვაწეობს სოფელ შინდისში სადაც „The field Academy“ „მინდვრის აკადემიაში“ უძღვება ხელოვნების და სოფლის მეურნეობის სასწავლო კურსს.

ფოტოები ანგუს ლედლი ბრაუნისგან