წინა შემდეგი

მამუკა ჯაფარიძე - ცხოვრება ცხოვრების შემდეგ

10 - 11 ნოემბერი, 2018

მოძრავი გალერეა, სიღნაღი, საქართველო

Project ArtBeat წარმოგიდგენთ მამუკა ჯაფარიძის ინტერაქციულ პერფორმანსსა და გამოფენას ,,ცხოვრება ცხოვრების შემდეგ“. პროექტი ხორციელდება Project ArtBeat-ის მოძრავ გალერეაში ქალაქ სიღნაღის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე. 

ხელოვანი გეპატიჟებათ მონაწილეობა მიიღოთ პერფორმანსში, იმისათვის რომ ციანოტიპის ახალი ანაბეჭდები შეიქმნას. მაგიდის გარშემო არაფორმალური შეკრებით, დამთვალიერებელი აღმოაჩენს რეალური დროისა და სივრცის პოეტიკას და ნაკვალევს, რომელიც ბეჭდვის პროცესში დარჩება.

,,ცხოვრება ცხოვრების შემდეგ“ იკვლევს გაუჩინარების ფენომენს, ცხოვრებისეული პროცესების აღდგენის სურვილს და იმ მშვენიერ ჩრდილებს, რომლებიც მხოლოდ დაყოვნების შედეგად მიიღწევა.

ასეთივე სახის პერფორმანსი პირველად 2000 წლის აპრილის თვეში, ბრისტოლში სამხრეთ ინგლისში გაიმართა, ხელოვანის წლის აღნიშვნის ფარგლებში. სამი არტისტის, ბრუს ალანის, ანთეა ნიკოლსონისა და მამუკა ჯაფარიძის ინიციატივით, ორასამდე ხელოვანისა და ხელოვნების მოყვარულთათვის სუფრა გაიშალა. მაგიდაზე ეწყო სასმელ–საჭმელი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გამოგზავნილი არტისტების ნამუშევრები. მამუკამ მაგიდას სინათლეზე მგრძნობიარე ციანოტიპით დაფარული ქაღალდები გადააფარა. საღამოს ნადიმმა დიდებულად ჩაიარა, იყო ბევრი გამოსვლა, სადღეგრძელოები, პოეტები კითხულობდნენ ლექსებს, მუსიკოსები ასრულებდნენ თავიანთ ნაწარმოებებს. ხალხი საღამოს კმაყოფილი დაიშალა. მამუკამ მეორე დღეს, არეულ სუფრებს მზეზე გაუკეთა ექსპოზიცია და წინა დღის ცხოვრების ნარჩენების ჩრდილები ქაღალდებზე დააფიქსირა. 

მამუკა ჯაფარიძე (დაბ. 1962წ. თბილისი) ცხოვრობს და მუშაობს თბილისსა და ლონდონში. მისი ნამუშევრების მედიუმი იცვლება კონტექსტიდან, სივრცის სპეციფიკიდან გამომდინარე და მოიცავს ჰეფენინგს, საგნების და სურათების კოლექციებს და ფოტოების არქივს, რომლებიც დიდი დროის მანძილზე გროვდება, ვიდეო პროექციებს, ფოტოგრაფიას, ლინგვისტურ თამაშებს, ნახატებს, ხმის დიზაინს, პრინტებს და სხვა.

1987 წლიდან მხატვარი კონცეპტუალურ პროექტებზე მუშაობს. მისი ნამუშევარი TARTARA წარმოდგენილი იყო 1999 წელს ვენეციის 48 ბიენალეზე, საქართველოს პავილიონში. ამავე წელს, ვიდეო პროექცია Eye Trees მოეწყო ატლანტაში. არტისტის ნამუშევრები რამდენჯერმე იყო წარმოდგენილი საქართველოს ეროვნულ გალერეაში მათ შორის: 2012 Reframing the 80s და 2014 Re:Museum. 2016 წელს, ნიუ-იორკში, გალერეა Art in General-ში, მოეწყო გამოფენა Beyond Credit, სადაც, სხვა ქართველი მხატვრების ნამუშევრებთან ერთად, ჯაფარიძის ინსტალაციაც იყო წარმოდგენილი. 2016 წელს, მამუკა ჯაფარიძის მიერ კამერა ობსკურას პრინციპით მოწყობილი ინსტალაცია, ,,გადახედვები / OptiMystic Translookation” , მარიამ ლორიას კურატორობით, Project ArtBeat-ის მოძრავ გალერეაში მოეწყო. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო პროექტის აქTV დოკუმენტაცია - 1995 წელს თბილისის ანძაზე გადაღებული შავ-თეთრი ფოტოები. 

კოორდინატორი: ნინო მაჭარაშვილი

Project ArtBeat-ის მოძრავი გალერეა გაჩერდება ქალაქ სიღნაღის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე.
პერფორმანსი დაიწყება შაბათს, 10 ნოემბერს, 12:00 საათზე და გაგრძელდება 18:00 საათამდე. 
11 ნოემბერს გამოფენის ნახვა შესაძლებელია 12:00–18:00 სთ. 
პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სიღნაღის მერიის მხარდაჭერით.