წინა შემდეგი

ირაკლი ბუგიანი - ლურჯი გვირაბი

21 - 29 ოქტომბერი, 2017

მოძრავი გალერეა, ისთ ფოინთი, ალ. თვალჭრელიძის ქ. 2, თბილისი, საქართველო

Project ArtBeat წარმოგიდგენთ ირაკლი ბუგიანის პროექტს ლურჯი გვირაბი.  

ირაკლი ბუგიანი სპეციალურად მოძრავი გალერეის სივრცისთვის შექმნილ ინსტალაციას წარმოადგენს. სარკეების, ლითონის, ხისა და განათებისაგან შექმნილი ობიექტის ნახვისას დამთვალიერებელი სიურეალისტურ სამყაროში ხვდება. კალეიდოსკოპის პრინციპით შექმნილი ობიექტი მეტაფორულად სამყაროს მრავალფეროვნებასა და ამავდროულად, მის ერთიანობაზე, მატერიალურ და არამატერიალურ სტრუქტურებს შორის საზღვრებზე მიგვანიშნებს.

ირაკლი ბუგიანი (დაბ. 1980, თბილისი, საქართველო). 

ბუგიანი დაიბადა თბილისში, სადაც 2001 წელს დაასრულა სწავლა თბილისის სახმატვრო აკადემიაში სახვითი ხელოვნების მიმართულებით. შემდეგ სწავლობდა რუანის სახვითი ხელოვნების სკოლაში, საფრანგეთში; კარლსრუეს სახვითი ხელოვნების აკადემიაში მიიღო მაგისტრისხ არისხი, შემდეგ 2010 წელს სწავლა დაასრულა დიუსელდორფის ჰაინრიჰ ჰაინეს უნივერსიტეტში ხელოვნების ისტორიის მიმართულებით.

არტისტი მუშაობს ფერწერის და კოლაჟის მედიაში. მის ნამუშევრებში ასახულია არქიტექტურის ინტერიერი და ექსტერიერი ადამიანების გარეშე. აბსტრაქტული გამოსახულება იქმნება ხეთის საღებავის უხეში მონასმებით ტილოზე, რომელიც კომბინირებულია აპლიკაციასთან. ნამუშევრები დაუსრულებლის შთაბეჭდილებას ტოვებს. იმპრესიონისტული ლანდშაფტები და ზღვის ხედები, წაშლილი პორტრეტები უკავშირდება გამოგონილი და ისტორიული მოგონებების კვლევას. ნამუშევრების სიუჟეტი და მუშაობის სტილი არღვევს წესრიგს და ორაზროვან, გაურკვეველ შეგრძნებას იწვევს.

ხელოვანის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია მისმა წარსულმა -  კერძოდ, კი “პერესტროიკისა” და საბჭოთა სისტემის ნგრევის შემდგომმა, რევოლუციებით სავსე, გარდამავალმა პერიოდმა. ის 2009-2012 წწ.-ში აღნიშნული მოვლენების გაანალიზებას იწყებს, რაც კარგად ჩანს ამ პერიოდში შექმნილ კოლაჟებში, რომლებიც სხვადასხვა საოჯახო ფოტო-არქივებიდან მოძიებულ მასალებზე დაყრდნობითაა შექმნილი.

2013-2014 წწ. ბუგიანისთვის საბჭოთა წარსული აქტუალურ თემად რჩება, თუმცა მისი ყურადღების ცენტრში ამჯერად საბჭოთა და პოსტ–საბჭოთა არქიტექტურა ექცევა. ის ქმნის სერიას, სახელწოდებით - „სოვიეტიკუმ“, სადაც არქიტექტურა გააზრებულია, როგორც ადამიანებისა და მათი კულტურულიგარემოს მაფორმირებელი ფაქტორი.

2014-2015 წწ. მხატვრის შემოქმედებაში კედლის მხატვრობის მიმართ ჩნდება ინტერესი. ბუგიანი თანაორგანიზატორია არტ პროექტის – 191°S (დუსელდორფი), რომლის ფარგლებშიც ის ორ მონუმენტურ, ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულ, კედლის ნამუშევარს ქმნის.

2016 წელს, Project ArtBeat-ის ორგანიზებით, ირაკლი ბუგიანის პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა საქართველოში. ლევან მინდიაშვილის კურატორობით, ეროვნულ გალერეაში ხელოვანის საეტაპო ნამუშევრები იყო წარმოდგენილი, რომლებიც მისი პრაქტიკის მნიშვნელოვან ასპექტებს წარმოაჩენდა.

მნიშვნელოვანი სოლო და ჯგუფური გამოფენები: 
2016 - ხედავდე სამყაროს ქვიშის მარცვალში, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ეროვნული გალერეა, თბილისი, საქართველო; 2015 – Heritage(მემკვიდრეობა), Rich Mix, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი; 2014 - AT388, როტერდამი, ნიდერლანდები; 2013 - მემკვიდრეობა, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისი, საქართველო; 2013 ჯილდო -  Kunstpreis Junger Westen 2013, კარლსრუე, რექლინგჰაუზენი, გერმანია; 2012 -  Post Coitum Omne Animal Triste Est, Damenundherren e.V., დიუსელდორფი, გერმანია; 2011 - Zwischen Gestern und Morgen, Gallery 10, კარლსრუე, გერმანია. 

ირაკლი ბუგიანი ცხოვრობს და მუშაობს დიუსელდორფში, გერმანია.

პროექტი ხორციელდება ისთ ფოინთისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის მხარდაჭერით.