წინა შემდეგი

ჯონ რიფენჰოფი - Handler

1 ივნისი - 25 აგვისტო, 2019

Project ArtBeat, პავლე ინგოროყვას ქ. 14, თბილისი, საქართველო

გალერეა Project ArtBeat და თიბისი სტატუსი წარმოგიდგენთ ცნობილი ამერიკელი ხელოვანის ჯონ რიფენჰოფის და 9 სხვადასხვა თაობის ქართველი ხელოვანის: ქეთუთა ალექსი-მესხიშვილის, სერგო ფარაჯანოვის (წარადგენს გამრეკელის გალერეა, ხათუნა მელიქიშვილის კერძო კოლექციიდან), ნინო ქვრივიშვილის, ნინუცა შატბერაშვილის, ლეილა შელიას, ზურა ცოფურაშვილის (წარადგენს თანამედროვე ხელოვნების ცენტრი), ლევან ჭოღოშვილის, მამუკა ჯაფარიძისა და თამო ჯუღელის გამოფენას, რომლებიც მხატვარმა თვითონ მოიწვია მასთან ერთად გამოფენაზე სამუშაოდ. არტისტი, რომლის სახელოვნებო და კურატორული პრაქტიკა ძირითადად სხვისთვის პლატფორმის შექმნაზე და კოლაბორაციაზეა ორიენტირებული, საქართველოში პირველად წარმოადგენს 8 ნამუშევარს ‘Handler’ სერიიდან. 

Handler-ის სერია წარმოადგენს ილუზორულ სკულპტურულ მოლბერტებს, რომლებზეც სხვა არტისტების ნამუშევრებია განთავსებული. რიფენჰოფის სხეულის ქვედა ნაწილი გამოყენებულია, როგორც არტ ჰენდლერების, გალერისტების, პატრონების, მეგობრების, ოჯახისა და სახელოვნებო ინსტიტუციებში მომუშავეების ვერდანახული მხარდაჭერის პორტრეტი. ეს პროექტი არის არტისტებისადმი მხარდაჭერის გამოხატულება და ასევე იმისა, თუ როგორ გააჩნია არტისტსა და კურატორს საკუთარი როლი. Handler სერია, იყენებს სკულპტურას, როგორც პლატფორმას ხელოვნების ნიმუშის პრომოუშენისა და რესტრუქტურიზაციისთვის. სააშკარაოზე გამოაქვს ხელოვნების სფეროში ჩადებული მხარდაჭერა, გვთავაზობს ვიზუალურ მეტაფორას ობიექტის ცირკულაციისათვის და ახდენს პროდუქციისა და ავტორობის ცნების გადაფასებას.

‘2018 წლის დეკემბერში, როდესაც პირველად შევხვდი ჯონს, (ორივე ჩვენგანს ექსპოზიცია ჰქონდა ნადა მაიამიზე) გაოცებული დავრჩი იმით, რომ თავის სახელოვნებო პრაქტიკაშიც კი ჯონი მუდმივად ცდილობდა სხვა ხელოვანებისათვის პლატფორმის შექმნას, მხარს უჭერდა გარშემომყოფებს და ხშირად ჰქონდა კოლაბორაციები. რადგან ეს ყველაფერი ძალიან ახლოს იყო ჩემთან და ჩემი ცხოვრების წესთან, გადავწყვიტე ჯონი მომეწვია საქართველოში, გალერეა Project ArtBeat-ში გამოფენის გასაკეთებლად, რაზეც ის, ჩემდა სასიხარულოდ, დამთანხმდა. ჩემი მთავარი მიზანი იყო, რომ ჯონს თავად მიეწვია არტისტები მასთან სამუშაოდ ქართული არტ სივრცისა და მისში არსებული კავშირების ცოდნის გარეშე. მოხარული ვარ, რომ ვნახავ თბილისში სამკვირიანი მუშაობისა და მოკლე კვლევის შედეგს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჯონმა შეძლო და ჩართო საკმაოდ ბევრი ადამიანი და აქცია ეს პროექტი ნამდვილ კოლაბორაციად. ერთ-ერთი ნამუშევარი ორი არტისტის, ქეთუთა ალექსი–მესხიშვილისა და ლევან ჭოღოშვილის კოლაბორაციაა. ასევე პროექტში ჩაერთო თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, რომელიც ერთ-ერთ სკულპტურაზე გამოფენის მანძილზე რამდენჯერმე შეცვლის ნამუშევარს და სხვადასხვა არტისტებს წარმოადგენს. ედიშერი, რომელიც ეხმარებოდა ჯონს სკულპტურების დამზადებაში, შეიტანს თავის წვლილს და დაწერს ამ გამოფენაზე თავისი გამოცდილების შესახებ. იმისათვის, რომ ექსპოზიციაში ისტორიული ნამუშევარიც შესულიყო, გადავწყვიტე სხვა გალერეის მოწვევა და მიხარია, რომ გალერეა გამრეკელი, რომელიც სიმბოლურად ჩვენი მეზობელიცაა, სერგო ფარაჯანოვის ნამუშევარს წარადგენს გალერეის დამფუძნებლის, ხათუნა მელიქიშვილის კერძო კოლექციიდან. ბოლოს ვიმედოვნებ, რომ გაცნობისა და კოლაბორაციის ეს ორმხრივი აქტი ამ ერთჯერად გამოფენას გასცდება და გაგრძელებას იპოვნის’ – ნათია ბუკია, Project ArtBeat-ის თანადამფუძნებელი.

*
““ყველა ადამიანში არის მხატვარი” - უკვე პათეტიკად ქცეული მეოცე საუკუნის ეს ცნობილი ფრაზა საინტერესოდ “მუშაობს”, როდესაც, მაგალითად, ვისკონსინელ არტისტსა და გალერისტს ჯონ რიფენჰოფს ელიავას ბაზრობაზე ახლიხარ. მალხაზა იქაური შემდუღებელია და როცა ხვდება, რომ საქმე ხელოვნებას ეხება, შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენას მაინცდამაინც მკაცრად შეკვეთილი ზომების დარღვევით ცდილობს. ხოლო, თბილისელმა ტაქსის მძღოლმა არტურამ, შეიძლება ელიავადან გალერიამდე არსებულ “საცობში” თავის “კურატორულ” გამოცდილებაზე საუბრითაც კი შეგაწყინოს თავი.

თუმცა, ქართული თვითშემოქმედების ეს კლასიკური მაგალითები კარგად ეწერება კიდევ ერთი ცნობილი განსაზღვრების - “ხელოვნება ცხოვრებაა” კონტექსტში.

ხელოვნების ცხოვრებად (და პირიქით) გადაქცევის იდეა რასაკვირველია ფერწერის საფუძვლებიდან იღებს სათავეს და თავისი ღრმა ესთეტიკური შინაარსი აქვს. მაგრამ, ამის გასაგაებად ფილოსოფიური წიაღსვლები სულაც არ არის საჭირო, რადგან ჯონ რიფენჰოფის მიერ ორგანიზებულ გამოფენაში, Handler ყველაფერი ისედაც ნათლად არის ნაჩვენები.

გალერეა, Project ArtBeat-ის შემოსასვლელში შეარჩიეთ ისეთი ადგილი, საიდანაც ერთდროულად კარგად შეიძლება აღიქვათ სხვადასხვა სივრცეში, მაგრამ ერთი ხედვის წერტილში ძალიან ეფექტურად წარმოდგენილი სერგო ფარაჯანოვისა და მამუკა ჯაფარიძის ნამუშევრები. საკრალური თემატიკის ჩვენებას ფარაჯანოვი თავის მეწამული ფერის ალამში კოლაჟის ტექნიკის გამოყენებით ცდილობს და სივრცეს ავსებს არა ფერწერული საშუალებებით, არამედ რეპროდუქციებით. ხატწერის მკაცრი დოგმატიკისგან პრინციპულად განსხვავებული ეს მეთოდი ნამუშევარს ირაციონალურიდან ყოფით რეალობაში “აბრუნებს” და ფაქტოპბრივად განსაზღვრავს გამოფენის მთელს კონცეპტუალურ ჩანაფიქრს.

ხელოვნების ამ პრინციპით განვითარებაში შემდეგი ნაბიჯია მამუკა ჯაფარიძის ROLEX-ის თემატიკაზე შესრულებულ ნამუშევარი, სადაც ფერწერულად გადმოცემული ლინგვისტური ასოციაციები ახალ სუბიექტურ ესთეტიკას აყალიბებს და ამავე დროს, ნამუშევრის მდიდრულ ჩარჩოზე აქცენტირებით ხელოვნების კომერციალიზაციას უსვამს ხაზს.

ჯონ რიფენჰოფი, რომელიც თანაბრად არის როგორც გამოფენის კურატორი, ისე ავტორიც, კიდევ უფრო ამძაფრებს გალერეაში რეალიზმის შეგრძნებას და ლევისის ჯინსებითა თუ ნაიკის ბოტასებით შემოსილი თავისივე ფეხების ფორმებით კედლებიდან შიგა სივრცისკენ გადმოაქვს ფერწერული ტილოები. სამგანზომილებიან ობიექტებად ქცეული ნამუშევრების აღქმა ახლა უკვე უკანა მხრიდანაც არის შესაძლებელი და ამ გზით გვაქვს საშუალება “ორიგინალში” გავეცნოთ ავტორების ფაქსიმილეებს: ზურა ცოფურაშვილი, ნინუცა შატბერაშვილი, თამო ჯუღელი, ლეილა შელია, ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი, ნინო ქვრივიშვილი.

ნამუშევრების აბსოლიტური უმრავლესობა აბსტრაქტულია და მათ შიდა სივრცეში ანუ “ცხოვრებაში” პრეზენტაციით ამერიკელი არტისტი აგრძელებს გამოფენაზე ფარაჯანოვისა და ჯაფარიძის მიერ დაწყებული “სიცოცხლის ხაზის” განვითარების ტენდენციას.

ხოლო თუ როლანდ ბართს დავესესხებით, ცხოვრება არა მარტო ხელოვნებაა, არამედ ტექსტიცაა და ამიტომ, ზემოთ ნახსენები მალხაზასი და არტურასი არ იყოს მეც ამ ტექსტით ჩავერთვები გამოფენის ექსპოზიციაში. ოღონდ, რადგანაც თანამედროვე ტექსტმა ცხოვრებასთან ერთად შეიძლება ავტორიც მოიცვას, ამიტომ სახელისა და გვარის აღსანიშნ ადგილს ცარიელს ვტოვებ”.