წინა შემდეგი

მაია ნავერიანი - House of Forward Thinking

3 - 9 ივნისი, 2016

მოძრავი გალერეა, მთაწმინდის პარკი, თბილისი, საქართველო

Project ArtBeat წარმოგიდგენთ მაია ნავერიანის პერსონალურ გამოფენას House of Forward Thinking, რომელზეც წარმოდგენილი იქნება 2005-2015 წ. ლონდონში შესრულებული ნამუშევრები. 

,,ჩემი შემოქმედების ბოლო ათწლეულის ძირითადი ენა ნახატია. ნახატი (drawing) დიდი ხანია გაცდა ამ დისციპლინის ტრადიციული და სტერეოტიპული გაგების ფარგლებს და უზარმაზარი ვიზუალური ამპლიტუდის მქონე ავტონომიურ, თვითკმარ ენად ჩამოყალიბდა. ჩემთვის თვით ხატვის აქტი უფაქიზესი პროცესია, რომელიც ინტუიციის მაქსიმალურ ნდობას მოითხოვს, იქნება ეს მცირე ფორმატზე ნიშნობრიობის უშუალო, სწრაფი დაფიქსირების დროს თუ დიდი ფორმატის ზედაპირის ურთულესი ფსიქოლოგიური და ტექნიკური ათვისებისას, “დაპყრობისას”. მდგომარეობა, როცა სრული ფსიქოლოგიური, ემოციური და ფიზიკური კონცენტრაცია და შინაგანი თუ გარე სივრცის გარინდებული გრძნობა აბსოლუტური აუცილებლობაა. 
სწორედ ამ კონდიციაში შესვლისას მიჩნდება ის არარაციონალური ინტუიტიური “მინდობა”, რომელიც სხვა, ამოუცნობი სივრცის გადახსნის განცდას მიჩენს, სადაც არ არსებობს არც წარსული და არც მომავალი – მხოლოდ მოუხელთებელი აწმყო და მისი კვლევის უსასრულო შესაძლებლობები“ - მაია ნავერიანი. 

მაია ნავერიანი (დაბ.1966 წელს, საქართველო) ცხოვრობს და მუშაობს თბილისსა და ლონდონში. 1985-1989 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ხოლო მანამდე კი მხატვარ გია ეძგვერაძესთან. 1989 წლიდან საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა. მისი აქტიური პროფესიული კარიერა დაიწყო 1999 წლიდან, მას შემდეგ რაც Vordemberger Gildewart Foundation- ის საერთაშორისო კონკურსის (სადაც Annely Juda Fine Art-მა წარადგინა) ფერწერის პირველი პრიზი აიღო. იმ დროდან მოყოლებული მაია ნავერიანი აქტიურად იფინება დასავლეთის სხვადასხვა სამუზეუმო და კომერციულ სივრცეებში, მათ შორის Fordham Gallery, Danielle Arnaud Gallery, ლონდონი; Museum Wiesbaden, ვისბადენი; Neues Kunstforum, კიოლნი; Museum Bochum, ბოხუმი; Netwerk, Aalst, ალსტი; Cirius Art Centre, კორკი; Leonard Hutton Galleries, ნიუ იორკი; CoBra Museum, ამსტერდამი და ა. შ. ასევე 2004 – 2006 წლებში იღებს მონაწილეობას პერფორმანსებში გია ეძგვერაძის მიერ შექმნილი ჯგუფთან Everything is Alright ერთად, სხვადასხვა სამხატვრო ინსტიტუციებში, როგორებიცაა Neuer Berliner Kunstverein, ბერლინი, Museum Bohum, ბოხუმი და Museum Kunst Palatz, დუსელდორი. გერმანიაში მაია ნავერიანს წარმოადგენს Galerie Voss, დუსელდორფი.

პროექტი ხორციელდება მთაწმინდის პარკის მხარდაჭერით.