წინა შემდეგი

ელემენტარული ნაწილაკები: ამონარიდები ქართული ფოტოგრაფიიდან

16 სექტემბერი - 20 ოქტომბერი, 2018

Project ArtBeat, პავლე ინგოროყვას ქ. 14, თბილისი, საქართველო

მონაწილეობენ: გიგო გაბაშვილი, შალვა ალხანაიძე, რეზო კეზელი, გურამ თიკანაძე, ბორის შავერდიანი, გურამ წიბახაშვილი, ნათელა გრიგალაშვილი, ბესო უზნაძე, ნატა სოფრომაძე, დავით მესხი, რიტა ხაჩატურიანი. 

გამოფენა მე-20 და 21-ე საუკუნის ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრებს აერთიანებს და საქართველოში ფოტოგრაფიული გამოსახულების განვითარების კვლევის მცდელობაა საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდებში. გამოფენის ერთ-ერთი ცენტრალური ელემენტია ცნობილი ქართველი მხატვრის, გიგო გაბაშვილის ფოტოები, რომლებიც ცხადყოფენ, რომ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში, საბჭოთა პერიოდის დასაწყისში, როდესაც ხელოვნების ყველა დარგი ერთმნიშვნელოვნად საბჭოთა პროპაგანდის იარაღად იყო მოაზრებული, გიგო გაბაშვილის სახელოსნო ერთგვარი თავისუფალი არტისტული ექსპერიმენტების პლატფრომას წარმოადგენდა, სადაც ცნობილი მხატვარი და ფოტოგრაფი საბჭოთა დოგმების გვერდის ავლით მხატვრულ-ესთეტიკური ძიებების დინამიურ პროცესში იმყოფებოდა.

გამოფენა ასევე საბჭოთა პერიოდის იმ ფოტოგრაფების ნამუშევრებს აერთიანებს, რომლებიც გიგო გაბაშვილის მსგავსად, საბჭოთა იდეოლოგიისგან თავისუფალ ხელოვნებას ქმნიდნენ. გამოფენაში პოსტსაბჭოთა პერიოდის ფოტოგრაფია ორი თაობის ფოტოგრაფების ნამუშევრებით იქნება წარმოდგენილი. მათ შორისაა საბჭოთა რეჟიმის დასასრულის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტორი - ქართული კონცეპტუალური ფოტოგრაფიის ერთგვარი ფუძემდებელი ბორის შავერდიანი.

კურატორები: ნესტან ნიჟარაძე, გურამ წიბახაშვილი და ნათია ბუკია.