წინა შემდეგი

ბესო უზნაძე - დავიწყებული ხედები

10 - 18 ივნისი, 2017

მოძრავი გალერეა, ლისის ტბა, თბილისი, საქართველო

ბესო უზნაძე

დავიწყებული ხედები

Project Artbeat მოხარულია წარმოგიდგინოთ ფოტოგრაფ ბესო უზნაძის სოლო გამოფენა თბილისში, ‘დავიწყებული ხედები’. სერიის ნაწილი 2016 წელს იყო გამოფენილი START Art Fair-ზე, Saatchi Gallery, ლონდონი.

სერია ინსპირირებულია ყვავილების ბაღით, რომელშიც ხელოვანი შემთხვევით მოხვდა ერთ საღამოს და შედგება ციფრულად მოდიფიცირებული ფოტოგრაფიისა და შერეული ტექნიკის ფერწერისაგან. ერთმანეთზე დადებული ნახევრად გამჭვირვალე გამოსახულებები, მკვეთრად შეცვლილი ფერთა ტონები, ინტენსიურად მიახლოებული კომპოზიციები ჯადოსნური ბაღის ასოციაციას იწვევს. ამავდროულად, ეს მომაჯადოებლად ლამაზი გამოსახულებები გაჟღენთილია მელანქოლიით. ნამუშევრებში იგრძნობა დანაკარგისა და უსიცოცხლობის ძლიერი განცდა, რაც დრამატულობას მატებს ნამუშევრებს.

წარმოდგენილი სერია, ისევე როგორც უზნაძის სხვა ნამუშევრები, შთაგონებულია მისი პირადი გამოცდილებებით, რომლებიც შვებას ხელოვანის შემოქმედებაში პოულობენ. ხელოვანი საკუთარ მგრძნობელობას აძლევს საშუალებას, შექმნას ნამუშევრები, რომლებიც ასახავს ადამიანური ემოციურობის სპექტრს. გადაკვეთები, რომლებიც ურთიერთგამომრიცხავ გრძნობებს იწვევს, სულისშემძვრელი მოულოდნელი შეხვედრები, და შემდეგ მოგონებები, რომლებიც ეფემერულ ხილვებად ილექება...

ბესო უზნაძე: ‘სერია ასახავს ერთ ობიექტს, სხვადასხვა თვალით დანახული. გახარებული, შეშინებული, ბედნიერი, ნაწყენი თვალით დანახული... არადა ყვავილებია... უბრალოდ ყვავილები... ჩიტმა თქვა ხალიჩაა, მდიდარმა თქვა ოქროა, ჭიანჭველამ თქვა სახლია, ვირმა თქვა გემრიელია. მე ვამბობ, რომ ყვავილებია...ძალიან ლამაზი ყვავილები.’

სერია გამოფენილი იქნება მცენარეებით შექმნილ სპეციალურ გარემოში და მიძღვნილია ხელოვანის დედის ხსოვნას.

გამოფენის კურატორია ელენე კაპანაძე

ბესო უზნაძეს (დ.1968) აქვს ნასწავლი დოკუმენტალური ფოტოგრაფია სეფია ფოტოგრაფიის სკოლაში, თბილისი (1998 -2000) და შემდეგ ფოტოჟურნალისტიკა London College of Printing (2003). უზნაძის ფოტოგრაფია შთაგონებულია ხელოვანის ყოველდღიური გარემოსა და განცდებით. მან შექმნა თავისი განსაკუთრებული ხელწერა, რომელიც ციფრულ მანიპულაციასა და კოლაჟის ტექნიკას ეფუძნება. ბოლო დროს ხელოვანმა საკუთარი პრაქტიკის ფოკუსი გააფართოვა და დაიწყო ფერწერული ტილოების შექმნა.

ბესო უზნაძის ფოტოგრაფია გამოფენილა Black&White Gallery, თბილისი (2016), Galerie Hors-Champs, პარიზი (2015) Les Rencontres De La Photographie, არლი (2011), Pobeda Gallery, მოსკოვი (2011), the National Portrait Gallery, ლონდონი (2010; 2008; 2004); ასევე სახელოვნებო ბაზრობები Istanbul (2016; 2014), Pulse, ნიუ იორკი (2015) და სოლო გამოფენა the START Art Fair, Saatchi Gallery, ლონდონი (2016). მას აქვს მოპოვებული ჯილდოები British Journal of Photography International Award, ლონდონი (2008), Ian Parry Scholarship, ლონდონი (2003), Metro imaging competition, ლონდონი (2003).

პროექტი ხორციელდება ქალაქ თბილისის მერიის, ლისის ტბის და ლისი გრინსის მხარდაჭერით.