თბილისის ხელოვნების ბაზრობა
წარმოდგენილი ხელოვანები: ირაკლი ბუგიანი, ბრაიან გრიფინი, ავთო მესხი, გიო სუმბაძე, ბესო უზნაძე, ნიკა ქუთათელაძე და მამუკა ჯაფარიძე.
გალერეა ართბითი ‘თბილისის ხელოვნების ბაზრობაზე 2024’ წარადგენს ჯგუფურ გამოფენას, რომელიც აერთინებს სხვადასხვა თაობის და განსხვავებულ მედიუმში მომუშავე ხელოვანებს: ირაკლი ბუგიანი, ბრაიან გრიფინი, ავთო მესხი, გიო სუმბაძე, ბესო უზნაძე, ნიკა ქუთათელაძე და მამუკა ჯაფარიძე.
გამოფენისთვის შერჩეული ნამუშევრები პირდაპირ თუ ირიბად ადგილობრივი სივრცის ცვალებად და მრავალშრიან ისტორიულ, პოლიტიკურ და კულტურულ გარდაქმნებზე გვიყვება. მთლიანობაში გამოფენა იმ უხილავ პროცესებს ამჟღავნებს, რომლებიც ადგილობრივ კონტექსტში დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობენ, განსაკუთრებით კი 90-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. პირველ რიგში, ვხედავთ მისწრაფებას ცვალებადი ისტორიული, ურბანული და არქიტექტურ ული კონტექსტების გადააზრების და მათი სხვადასხვა პერსპექტივით წარმოჩენით.
დამთვალიერებელი წარმოდგენილი ნამუშევრებით გადაადგილდება გარდამავალ, ისტორიულ მოვლენებში. 90-იანი წლების კონტექსტს კაგად ასახავს მამუკა ჯაფარიძის მიერ ცნობილი ბრენდის შესახებ ფერწერული ნამუშევარი ‘როლექსი’. მდიდრული ორნამეტები და საათის ლოგო პომპეზური და ხაზგასმული ირონიით კომერციალიზებული სინამდვილის აღმნიშვნელად გვევლინება. ხოლო, სიტყვა ‘როლექსი’ რითმის ელემენტად გადადის ახალ პოეტურ-კონცეპტუალურ მოცემულობაში და ჩარჩოებიდან სიტყვების თამაშით თავის დაღწევის წარმატებულ მცდელობად ყალიბდება. გარკვეულწილად, წარმოდგენილი ნამუშეევარი წარმოაჩენს აღნიშნული პერიოდის ეკონომიკურ მითებს და სოციალურ წესრიგს.
90-იანი წლების მძიმე პოლიტიკური ვითარების ფონზე, ადილობრივ სივრცეში ჩნდება ინდივიდი, რომელიც მოცემული კონტექსტის მიღმა გადის და განსხავებულ ჭრილში წარმოაჩენს ადგილობრივ სივრცეს. ეს გახლდათ ბრიტანელი ფოტოგრაფი, ბრაინ გრიფინი, რომელმაც საქართველოში მოგზაურობისას კახეთის სოფელში ადგილობრივი მოსახლეობის თანამონაწილეობით შექმნა ფოტო-სერია Comme des Garcons-ის. ამ გადაღების მთავარი ინსპირაცია იყო ნიკო ფიროსმანი. ხოლო, პროექტის კონცეფცია რეი კავაკუბოს სამოსისა და ადგილობრივი მცხოვრებლების ჩაცმის სტილის სინთეზს მოიაზრებდა.
ექსპოზიცაზე მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ქართველი ნონ-კონფორმისტი ხელოვანის, ავთო მესხის ნამუშევრებს. კოლაჟებში ვხვდებით ფოტოებსა და ტექსტებს, პოლიტიკის, რიტუალების, პოპ და პორნო–ვარკვლავების სახეებს. საერთო ჯამში, კი მთელ არსებულ სისტემას ხელოვანი აბსურდულ ფორმაში წარმოაჩენს.
ამ ყველაფრის კვალდაკვალ ირაკლი ბიგუნის ფერწერულ ნამუშევრებში აქტიურად ხდება საბჭოთა პერიოდის არქიტექტურული და ურბანული კონტექსტების გადააზრება.
გიო სუმბაძის ნამუშევრები კი ფოკუსირებულია თბილისის არქიტექტურაზე და იმეორებს არქეტიპულ ფორმებს. როგორც ხელოვანი ამბობს, მისი ნამუშევრები არქიტექტურის, დროის და სივრცის ტიპოლოგიური დოკუმენტაციაა.
ამის საპირისპიროდ, კი ვხედავთ ნიკა ქუთათელაძის ფეწერულ ნამუშევრებს, რომლებიც თითქოს მთლიანად დაცლილილია არქტიტექტურული კონტექსტებისგან და მისი ასახვის საგნები ბუნების წიაღში არიან წარმოდგენილნი. თუმცა, აქაც ვხვდებით ურბანული სივრცისთვის დამახასიათებელ რიგ ელემენტებს. მის გვერდით წარმოჩნდება ბესო უზნაძის დიდი ზომის ფერადოვანი, აბსტრაქტული და ექსპრესიული ნახატები, რომელსაც წინ უძღვის რიგი კომპლექსური ქვეტექსტები და ემოციური ფონი, რომლებიც განსაზღვრავენ მის შემოქმედებით კონტექსტს, იქნება ეს მიგრაცია, იდენტობის პრობლემატიკა, მწვავე პოლიტიკური თუ სოციალური ფონი.
ირაკლი ბუგიანი (დაბ. 1980, თბილისი) ძირითადად ფერწერის მედიუმში მუშაობს, ასევე მიმართავს კოლაჟის ტექნიკას. სურათებისთვის იყენებს ძველ და ახალ ფოტოებს, სხვადასხვა ვიზუალურ ინფორმაციას, ტექსტებს იმ მოვლენების შესახებ, რაც მის გარშემო, რეალურ ცხოვრებაში - სოციალურ, სამეცნიერო, პოლიტიკურ სიტუაციებში ხდებოდა ან ხდება.
ბუგიანისთვის მნიშვნელოვანია თვითონ მუშაობის პროცესი და ამ პროცესის ხილვადობა ტილოებზე. იგი ზოგჯერ სპეციალურად ტოვებს ტილოზე მუშაობის პროცესის სხვადასხვა ეტაპზე გაკეთებულ ფრაგმენტებს, თითქოს დაუმთავრებელია სურათები.
ბრიტანელი ფოტოგრაფი ბრაიან გრიფინი დაიბადა (1948-2024) გაერთიანებული სამეფოს ქალაქ ბირმინგემში და მუშაობდა ლონდონში. მან 1980-იანი წლების პოპ მუსიკოსების პორტრეტებზე მუშაობით გაითქვა სახელი და 1989 წელს გარდიანმა ის „დეკადის ფოტოგრაფადაც“ მონათლა. მისი ნამუშევრები ინახება ხელოვნების საბჭოს, ბრიტანეთის საკონსულოს, ვიქტორია და ალბერტის მუზეუმის და ნაციონალური პორტრეტების გალერეის მუდმივმოქმედ კოლექციებში. მისი ნამუშევრები აგრეთვე გვხვდება „Depeche Mode“-ის ალბომის „A Broken Frame“-ის ყდასა და ჟურნალ „Life“-ის „80-იანი წლების უდიდესი ფოტოგრაფების“ სპეციალურ გამოცემაში.
ავთო მესხი (დაბ. 1946, თბილისი) მხატვრობას ეუფლება ადრეული ასაკიდან და ესწრება ხელოვნების გაკვეთილებს. ამის შემდგომ, მესხი სწავლას განაგრძობს ი. ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში, ქეთევან მაღალაშვილის ჯგუფში. მესხი საბჭოთა პერიოდში ე.წ. ‘არაოფიციალურ’, ’ანდერგრაუნდ’ ხელოვნებას აფარებს თავს. ავთო მესხის შინაგანი პროტესტი იმდროინდელი პოლიტიკური წყობის მიმართ მეტად მძაფრი იყო, რამაც განაპირობა მისი ჩამოყალიბება ნონკონფორმისტად. ის 13-14 წლის ასაკში ავთო ვარაზს უახლოვდება და სწორედ მასთან ეცნობა დასავლურ ხელოვნებას. სწორედ ამ დროს ეცნობა მხატვარი პიკასოს, მონდრიანის, მალევიჩისა და სხვა ხელოვანების შემოქმედებას. მესხი მეგობრობს თავის თანამედროვე მხატვრებთან, მაგრამ მისი ნამუშევრები ინდივიდუალური ხელწერით გამოირჩევა და სრულიად განსხვავდება საბჭოთა პერიოდის ნონკონფორმისტებისაგანაც კი.
გიო სუმბაძე (დაბ. 1976, თბილისი) მულტიმედია არტისტია. ის მუშაობს ფოტოგრაფიაში, აქვს ვიდეო ნამუშევრები, ინსტალაციები, ასევე აკეთებს გრაფიკულ დიზაინს. მისი ნამუშევრები ფოკუსირებულია არქიტექტურაზე და ზოგადად ბუნების სტრუქტურებზე, გეგმარებაზე, რომელიც ბუნების ფორმებს ზოგჯერ იმეორებს, ზოგჯერ უპირისპირდება. როგორც თვითონ ამობობს, მისი ნამუშევრები „არქიტექტურის, დროის და სივრცის ტიპოლოგიური დოკუმენტაციაა.” ვინც/რაც სუმბაძის ობიექტივში ხვდება არტისტი იქიდან იღებს უკუ კავშირს, ეს არის მისთვის მთავარი ინსპირაცია.
გიო სუმბაძე 1990-იანი წლებიდან მონაწილეობს არტ პროექტებში, თანამშრომლობს ქართველ და უცხოელ კურატორებთან და არტისტებთან.
ბესო უზნაძის (დაბ. 1968, თბილისი) არტისტული გზა პორტრეტული ფოტოგრაფიით იწყება. ამ ფოტოებით ავტორი ადამიანებს გვაცნობს და თვალსაჩინოს ხდის იმას, რაც ზედაპირზე არ ჩანს - შინაგან კავშირს არტისტსა და მის მოდელებს შორის, რომელიც შექმნის პროცესში იბადება.
2016 წელს ბესო უზნაძემ მისთვის სრულიად ახალ მედიუმს მიმართა. უზნაძის ბოლო ნამუშევრები დიდი ზომის აბსტრაკტული ნახატებია. ტილოზე გადატანილია არტისტის წარსული გამოცდილება - სპონტანური, სწრაფი და მსუბუქი აბსტრაქციები. ისევე, როგორც მისი ფოტოგრაფია, ბესო უზნაძის აბსტრაქტული ტილოები ხილულს ხდის უჩინარ კავშირს ნამუშევრებსა და მათ შემქმნელს შორის. ფოტოგრაფიასა თუ მხატვრობაში, არტისტი ყველაფრისგან თავისუფლდება და საკუთარ შემოქმედებაში იკარგება.
ნიკა ქუთათელაძე (დაიბ. 1989, თბილისი) 2007- 2011 წლებში სწავლობდა არქიტექტურის ფაკულტეტზე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 2013 წელს დაამთავრა არაფორმალური სამაგისტრო კურსი თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, თბილისი (CCA-T). მისი ნამუშევრების უმეტესობა მოიცავს ინსტალაციებსა და სკულპტურებს, რომლებიც ასახავენ ყოველდღიურ სამომხმარებლო და სხვადასხვა გარემოს საკითხებს. მისი უკანასკნელი არტისტული გამოხატულება არქიტექტურული სივრცეების გარდაქმნას და ზოგადად ურბანულ გარემოს უპირისპირდება.
მამუკა ჯაფარიძე (დაბ. 1962, თბილისი) ცხოვრობს და მუშაობს თბილისსა და ლონდონში. მისი ნამუშევრების მედიუმი იცვლება კონტექსტიდან, სივრცის სპეციფიკიდან გამომდინარე და მოიცავს ჰეფენინგს, საგნების და სურათების კოლექციებს და ფოტოების არქივს, რომლებიც დიდი დროის მანძილზე გროვდება, ვიდეო პროექციებს, ფოტოგრაფიას, ლინგვისტურ თამაშებს, ნახატებს, ხმის დიზაინს, პრინტებს და სხვა.
1987 წლიდან მხატვარი კონცეპტუალურ პროექტებზე მუშაობს. მისი ნამუშევარი ARTRA წარმოდგენილი იყო 1999 წელს ვენეციის 48 ბიენალეზე საქართველოს პავილიონში. ამავე წელს ვიდეო პროექცია Eye Trees მოეწყო ატლანტაში. არტისტის ნამუშევრები რამდენჯერმე იყო წარმოდგენილი საქართველოს ეროვნულ გალერეაში მათ შორის 2012 Reframing the 80s და 2014 Re:Museum. ნიუ-იორკში გალერეა Art in General-ში 2016 წელს მოეწყო გამოფენა Beyond Credit, სადაც სხვა ქართველი მხატვრების ნამუშევრებთან ერთად ჯაფარიძის ინსტალაცია იყო წარმოდგენილი.