თამუნა სირბილაძე: ფერში ძერწვა
5 ნოემბერი - 11 დეკემბერი, 2022
"მე არ ვხატავ ტილოზე, მე ვძერწავ. ფერი ძერწავს ფორმას" - თამუნა სირბილაძე.
ართბითი მოხარულია წარმოგიდგინოთ გამოჩენილი ქართველი ხელოვანის, თამუნა სირბილაძის (1971-2016) რეტროსპექტიული გამოფენა, სადაც გრაფიკულთან ერთად, ფერწერული ნამუშევრებიც არის გამოფენილი. თითოეული მათგანი იქმნებოდა 2005-2014 წლებში, ხელოვანის თბილისში სტუმრობის მოკლე მონაკვეთებში.
თამუნა სირბილაძე დაიბადა თბილისში, სადაც მან დაამთავრა სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, რის შემდეგაც სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა ვენაში, სახვითი ხელოვნების აკადემიაში, ხოლო შემდგომ ლონდონის სლეიდის სკოლაში. მისი პრაქტიკა ფერწერასთან და გრაფიკასთან ერთად მოიცავდა ინსტალაციას, ვიდეოსა და პერფორმანსს. იგი ხშირად ქმნიდა კოლაბორაციულ ნამუშევრებს მეუღლესთან, ფრანც ვესტთან ერთად (1947-2012). თამუნას ნამუშევრებს კარგად იცნობს დასავლური სახელოვნებო სივრცე, სადაც მისი ნამუშევრები ხშირად იფინებოდა. ამ პროექტებიდან განსაკუთრებით აღსაღნიშნავია Plakatentwürfe Gisela Capitain-ის გალერეაში კიოლნში (ფრანც ვესტის ორგანიზებით) (2007), Inconcurrence Collet Park Gallery-ში პარიზში (2008), Painting and Elements Jonathan Viner-ის გალერეაში ლონდონში (2010), Lockungen Charim Unger-თან ბერლინში, ჯგუფური გამოფენა უგო რონდინონეს კურატორობით ვენაში და No man’s land რუბელების ოჯახის კოლექციაში მაიამიში. მის სოლო გამოფენებს ნიუ-იორკში "Take it easy Bill Powers" Half Gallery-ში და "Good enough is never good enough" James Fuentes Gallery-ში განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა. თამუნას ბოლო გამოფენა ბრიუსელში, Almine Rech Gallery-ში, ხელოვანის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გაიხსნა.
საინტერესოა, რომ გამოფენაში "თამუნა სირბილაძე: ფერში ძერწვა" წარმოდგენილი ნამუშევრების უმეტესობა არ იკითხება სერიულად, არამედ ფრაგმენტულად ებმის თამუნას მთავარ პროცესს, რასაც განაპირობებს ხელოვანის გეოგრაფიული ლოკაცია და ნახატების შექმნის პერიოდებს შორის არსებული პაუზა. მიუხედავად ამისა, თითოეულ ნამუშევარს აერთიანებს სპეციფიური წერის მანერა, რაც გამოიხატება ჟესტურ ხაზსსა და მედიუმთან იკონოკლასტურ მიდგომაში. თამუნას ენა ინტუიტიური და სწრაფია. იგი აჩქარებულად გარდაქმნის ფიგურაციას აბსტრაქციაში, ფერწერულობას გრაფიკულობაში, ხოლო ცერებრალურ აზრთა სვლას ექსპრესიულ ლაქაში. ”ასე თუ ისე, ჩემი ნახატები მოქნილი უნდა იყოს” - ამბობდა თავად მხატვარი.