დავით მესხი - თანამგზავრები ღამით
დოდო აბაშიძის ქუჩა 10, თბილისი, საქართველო
კურატორი: მარიამ ლორია
ფოტოგამოფენა თანამგზავრები ღამით ფოკუსირებულია აღმოჩენებზე, რომელსაც არტისტი თავისი ფერადი და მტვრიანი პრიზმის საშუალებით წარმოგვიდგენს. ნამუშევრები განსხვავებულ კონტექსტში ასახავენ სკეიტბორდინგის, სპორტის და მოგზაურობის კავშირს ხელოვნებასთან, ფოტოგრაფიასთან, ფილოსოფიასა და პოეზიასთან.
სპეციალურად ამ გამოფენისთვის შექმნილი ლაითბოქსების ინსტალაცია მნახველს სთავაზობს გზის გაკვლევას სიბნელეში მანათობელ კადრებს შორის. საქართველოში შექმნილი ფოტო-ქრონიკები არტისტის მიგნებების დოკუმენტაციაა, რომლის იდეაა დანახულს მიღმა ახალი ჰორიზონტების აღმოჩენა...
დავით მესხი 1979 წელს თბილისში დაიბადა. ამჟამად, ცხოვრობს და მუშაობს ბერლინში. მაგისტრის ხარისხი ჰიდროეკოლოგიის სპეციალობით მოიპოვა, შემდეგ კი პროფესია შეიცვალა და ხელოვნებით დაინტერესდა. მან, ფოტო ჟურნალისტის სპეციალობით, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი დაამთავრა.
არტისტის კამერა, მუდმივად, სიცოცხლის ნიშნების ძიებაშია. მის ნამუშევრებში, ფოტოგრაფია არსებობის იდეალიზირების და ემოციების გაზიარების საშუალება ხდება. ნამუშევრების უმეტესობა ახალგაზრდობის დაფარულ შრეებს გვიჩვენებს. მესხის ინსპირაციის წყარო ბავშვები, მოზარდები და მათი თვითგამოხატვის ინდივიდუალური ფორმებია. ეს ნამუშევრები ფოტოგრაფიული გამოსახულებების ერთობლიობაა, რომლებიც არღვევენ დროის საზღვრებს. მესხი ასახავს ახალგაზრდა ადამიანებს, რომელთა სხეულები უარყოფენ გრავიტაციის უნივერსალურ ძალას.
მესხი, თავის ნამუშევრებში, ეგზისტენციალისტური მსოფლმხედველობის მიმდევარია. ფოტოები წარმოგვიდგენენ არტისტს, როგორც ინდივიდსა და როგორც- ფოტოხელოვანს. სევდა და მელანქოლია უპირისპირდება ოპტიმისტურ, სიცოცხლით სავსე პერსონაჟებს. ისინი ერთდროულად, იდეალურობისა და მელანქოლიის სიმბლოს წარმოადგენენ. ეს არის ის გზავნილი, რის გადმოცემასაც არტისტი თავის ნამუშევრებში ცდილობს.
2004 წლიდან მესხი, როგორც ფოტოგრაფი და ფოტოჟურნალისტი, რამდენიმე ჟურნალთან თანამშრომლობს. 2011 წელს არტისტის სოლო გამოფენები მოეწყო: ავსტრიაში (Eternal Distance, Anika Handelt Galerie) და ბერლინში (Higher, Galerie Micky Schubert). მონაწილეობდა ასევე ჯგუფურ გამოფენებში: 2014 PhotoVisa-VI, ფოტოგრაფიის საერთაშორისო ფესტივალი, კრასნოდარი, რუსეთი; 2013 არლის ფოტოფესტივალი, La Nuit de l’Année, არლი, საფრანგეთი; თბილისის ფოტოფესტივალი, თბილისი, საქართველო; 2012 Ich Ist Ein Anderer, Kunstverein Freiburg, ფრაიბურგი, გერმანია; 2011 Sunny Side Up, Margate Photo Festival, მარგეტი, დიდი ბრიტანეთი; Explications 1.2, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისი, საქართველო; IMAGO, ლაიფციგის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ლაიფციგი, გერმანია; Face to Face, Pobeda Gallery, მოსკოვი, რუსეთი; 2009 I Want a Print, თელ-ავივი, ისრაელი და სხვა.