წინა შემდეგი

თამუნა ჭაბაშვილი - ყოველდღიურობის ქსოვილი

29 - 30 სექტემბერი, 2017

მოძრავი გალერეა, რუსთაველის ქ. 39ა, წყალტუბო, საქართველო

Project ArtBeat და წყალტუბოს ხელოვნების ფესტივალი წარმოგიდგენთ თამუნა ჭაბაშვილის სოლო გამოფენას ყოველდღიურობის ქსოვილი, ქალაქ წყალტუბოში.

„მოძრავი გალერეის კონტეინერში, როგორც მობილური საგამოფენო სივრცის კონტექსტში, ახალი ნარატივის შესაქმნელად, ჩემი წინა ნამუშევრების ელემენტებს ვიყენებ: სუფრას, ბოხჩასა და მოსაჩითი ნიმუშების წიგნს. კონტეინერი, როგორც წესი, განკუთვნილია საქონლის შენახვისა და ტრანსპორტირებისთვის, რომელიც დამალულია მის სივრცეში. დამალულ შინაარსზე ხაზგასმით ჩემი ნამუშევრები ისაუბრებენ ქალთა მტკივნეულ გამოცდილებებზე, რაც ძირითადად შეუმჩნეველი რჩება.

ყველა ეს ნამუშევარი ნაჭერშია შესრულებული და ყოვედლღიური მოხმარების ნივთებს ეფუძნება. ცხოვრებისეული სირთულეების ნიმუშებად წარმოსახვით, ვცდილობ ვისაუბრო იმ რუტინულ ძალადობაზე, რომელიც არსებული სოციალური და კულტურული ნორმებით არის განპორობებული. თითოეული ნამუშევარი წარმოადგნეს მცდელობას, მიჩუმათებულ ხმას შეუქმნას სივრცე.

ტრადიციულად სუფრა ქალის მიერ არის მორთული. ლაქებისა და ნაკერების მიუხედავად, სუფრა ოჯახში ხშირად ათწლეულების მანძილზე ინახება. ეს საოჯახო საგანძური, როგორც დღიური, პირად მოგონებებს ინახავს. სუფრას შეუძლია ის საკითხები გამოფინოს საჯაროდ, რომლებიც მიჩუმათებულია.

ბოხჩა, მართკუთხა ქსოვილი, მობილურობასთან არის დაკავშირებული და მოგზაურობის ან გადაადგილებისას პირადი ნივთების სატარებლად და შესანახად მნიშვნელოვანი ნივთს წარმოადგენს. როგორც ერთგული თანამგზავრი, ბოხჩა მფლობელისთვის მისი ცხოვრებისეული გამოცდილებების არქივიცაა.

მოსაჩითი ნიმუშების წიგნი ქსოვილისთვის განკუთვნილ ნიმუშების კრებულსა და შესაძლო დიზაინის გზამკვლევს წარმოადგენს. როგორც საპრეზენტაციო სივრცეს, მას შეუძლია შეაგროვოს და შეინახოს ის ელემენტები, რომლებიც ტრადიციულობას კითხვას უსვამს და სივრცეს ქმნის ახალი ნარატივებისთვის.

ნამუშევრები განთავსდება ხის მაგიდებზე, რომლებიც ადგილობრივი ოჯახებიდან სპეციალურად ამ გამოფენისთვის იქნა გამოთხოვილი.” - თამუნა ჭაბაშვილი, 2017.

თამუნა ჭაბაშვილი (დაბ. 1978, თბილისი, საქართველო).

თამუნა ჭაბაშვილის სახელოვნებო პრაქტიკა ინდივიდუალურ და თანამშრომლობით პროექტებს მოიცავს. იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის დასრულების შემდეგ, მან სწავლა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში განაგრძო. მოგვიანებით, ჭაბაშვილმა მიიღო სახვითი ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი გერით რითველდის სამხატვრო აკადემიაში, ამსტერდამში, სადაც 1998 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს. ის არის 2003 წელს დაფუძნებული ხელოვანთა ინიციატივის - Public Space With A Roof (PSWAR) თანადამაარსებელი. 2007 წლამდე ეს ინიციატივა მუშაობდა, როგორც კვლევითი პროექტების სივრცე. PSWAR-ის პროექტები კვლევას ეფუძნება და თანამედროვე ხელოვნების შექმნის პროცესში არსებულ ძირითად შეკითხვებს პასუხობს. 2004 წლიდან PSWAR მუშაობს ფართომასშტაბიან პროექტებზე, არღვევს საზღვრებს იმ მრავალ როლს შორის, რომელთა შეთავსებაც დღეს ხელოვანებისგან მოითხოვება: ხელოვანი-აქტივისტი; ხელოვანი-მენეჯერი; ხელოვანი-კურატორი. 2008 წლიდან PSWAR-ის პროექტები წარდგენილი იყო საერთაშორისო მასშტაბით, ისეთ სივრცეებში, როგორებიცაა: ვენის Frederick Kiesler Foundation, ავსტრიაში; Centre Pompidou-Metz, საფრანგეთში.

ხელოვანის ამჟამინდელი ნამუშევრები ეხება გენდერული პერსპექტივიდან დანახული ტრადიციის, რუტინისა და ჩაჩუმების საკითხებს. ის იყენებს ტრადიციულ არტეფაქტებსა და მეთოდებს (ხელოვნებიდან და რეწვიდან) და ცდილობს ისინი გარდაქმნას ისეთ ახალ ნარატივებად, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს იმ პოზიციებს, რომლებიც ჯგუფურ და პირად დონეზეა გაბატონებული. 2014 წელს, ანთროპოლოგ აგნეშკა დუდრაკთან თანამშრომლობით, მან განახორციელა კვლევითი პროექტი „საკუთარი სუფრა“, რომელიც საქართველოში ქალთა მიმართ გენდერულ ძალადობას შეეხებოდა. 2015 წელს ამ ნამუშევრის ნაწილი ნაჩვენები იქნა კიევის ბიენალეზე The School of Kiev და სტამბულის მე-14 ბიენალეს პარალელურ პროგრამაზე Manifest Thought Form – A Route of Evanescence, გალერეაში Kuad (სტამბული). ჭაბაშვილის გამოფენა, სახელწოდებით „მოსაჩითი ნიმუშების წიგნი“ 2016 წელს თბილისში, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართა. გამოფენა ყურადღებას ამახვილებდა იმ ქალთა „ყოველდღიურობის“ წარმოჩენაზე, ვინც სხვაგვარად შეუმჩნეველნი არიან.

თამუნა ჭაბაშვილი ცხოვრობს და მუშაობს ამსტერდამსა და თბილისში.

პროექტი წყალტუბოს ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და წყალტუბოს ხელოვნების ფესტივალის მხარდაჭერით ხორციელდება.