წინა შემდეგი

დაუსრულებელი მოლოდინის მონუმენტი

“დაუსრულებელი მოლოდინის მონუმენტი” წარმოადგენს ონლაინ პროექტს, რომელიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა (წჯსკ) ხელოვან თამუნა ჭაბაშვილთან თანამშრომლობით განახორციელა.

COVID-19 პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა (წჯსკ) უგზოუკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე წელს  ონლაინ პროექტის გახსნით აღინიშნა. „დაუსრულებელი მოლოდინის მონუმენტი“ დაკარგულ ადამიანებსა და მათ ოჯახებს ეძღვნება. პროექტი 1990-იანი და 2008 წლების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად გაუჩინარებული ადამიანების ოჯახის წევრების ინტერვიუებსა და მათ მიერ მოწოდებულ სხვა მასალებზე დაყრდნობით მომზადდა.  გამოფენა გვაჩვენებს იმ სირთულეებს, რაც თან ახლავს ახლობელი ადამიანის გაუჩინარებას. მხატვრული ნამუშევარი გვიზიარებს ადამიანის დაკარგვის გამოცდილებას რაც ხსოვნისადმი მიძღვნილი ცოცხალი, მუდმივად ცვალებადი მოქმედებების ერთობლიობაა, ან, სხვა სიტყვებით,  მუდმივი მოქმედებაა დაკარგულთა  დავიწყების საწინააღმდეგოდ.

პროექტში კონფლიქტების ისტორიული ფონი მიზანმიმართულად გამოტოვებულია, რადგან ნამუშევრის მიზანია ყურადღება გაამახვილოს ტკივილის  ბუნებაზე, რასაც განიცდიან გაუჩინარებული ადამიანების ოჯახის წევრები ამ ტკივილთან თანაცხოვრებისას და გამკლავებისას. ამ ტანჯვას არ აქვს ეროვნება, ადგილმდებარეობა და არავის ტკივილი არის სხვისაზე მეტი. დედის სიტყვებით, რომელმაც ვაჟი დაკარგა, „მწუხარებას არ აქვს ეროვნება. ჩვენ საერთო ცის ქვეშ ვცხოვრობთ; ჩვენი ტკივილი ერთნაირია.“ ოჯახის წევრებმა არ იციან, თუ რა შეემთხვათ მათ ახლობლებს, არ შეუძლიათ ღირსების დაცვით დაკრძალონ საყვარელი ადამიანები, არ გააჩნიათ ადგილი, რომელსაც პატივს მიაგებენ - ეს ყველაფერი აუტანელ ტვირთად აწევს მათ.

“დაუსრულებელი მოლოდინის მონუმენტი” არც ტიპიური კონტრ-მონუმენტია და არც მსხვერპლებისა თუ გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ძეგლი. ნაცვლად ამისა, სივრცეა, რომელშიც ირეკლება ის გზები, რასაც უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახები გადიან. ნამუშევარში ერთიანდებიან დაკარგულები და ვისაც ისინი ენატრება. კონცეპტუალური და ვიზუალური კუთხით ხელოვანისთვის შთაგონების წყაროდ ხის ფორმა იქცა: სიცოცხლის სიმბოლო, განგრძობითობის, სტაბილურობის, სიცოცხლისა და სიძლიერის მეტაფორა. ციფრული ინსტალაცია 12 რეალური ხის ფოტოს გარშემო იქმნება. საწყისი წერტილია „ხმოვანი ხე“. როგორც გუნდი ბერძნულ ტრაგედიაში, „ხმოვანი ხე“ აერთიანებს სხვადასხვა ხმას და დაკარგული ადამიანებისთვის საერთო სივრცეს ქმნის. დანარჩენ თერთმეტ ხეს გაუჩინარების შესახებ თხრობის სხავდასხვა ტრაექტორიაში შევყავართ, ისტორიები ფრაგმენტირებულია, ისევე როგორც მოგონებები.

პროექტი ხელმისაწვდომია ბმულზე www.missingmonument.com, ამ ეტაპზე ინგლისურ, ქართულ და რუსულ ენებზე. ამ გზით გამოფენის ნახვას უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ყველა ოჯახი შეძლებს. ნამუშევარი მიზნად ისახავს საზოგადოების მგრძნობელობის გაზრდას გაუჩინარების პრობლემის მიმართ. გარდა ამისა, დაუსრულებელი მოლოდინის მონუმენტის მიზანია, პატივი მიაგოს ყველა იმ ოჯახს მსოფლიოში, რომელთა ახლობლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას და სიტუაციაში გაუჩინარდნენ.

ხელოვანი თამუნა ჭაბაშვილი მოღვაწეობს ამსტერდამსა და თბილისში. ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია გამოფენებით, როგორიცაა: კონფლიქტის დერეფნებში: აფხაზეთი 1989-1995 (2019); ყოველდღიურობის ქსოვილი (2017); საკუთარი სუფრა (2014).  მისი ინდივიდუალური პრაქტიკა არქივისა და ნაკვალევის თემის გარშემო ვითარდება. მისი ნამუშევრები პირადი ისტორიების და მეხსიერების ვიზუალურ და ხელშესახებ ნარატივებად გარდაქმნაზეა დაფუძნებული და კითხვას უსვამს "უკუ–მეხსიერებით" ან "უკუ-მოთხრობებით" დუმილის სივრცის შევსების გზებს.

პროექტის შექმნაზე მუშაობდნენ:
პროექტის ზედამხედველობა: ჟერომ ტუე
მხატვრული კონცეფცია და რეალიზაცია: თამუნა ჭაბაშვილი
კონცეფციისა და კვლევის ასისტენტი: აგნეშკა დუდრაკი
მასალის შეგროვება, ინტერვიუები და ტრანსკრიპტი: იოვანა კუზმანოვიჩი, კრისტინა პაპაზიანი, სოფიო ელიზბარაშვილი, ნანა თედეევა, მარინა ტედეტი
თარგმანი და რედაქტირება: დათა ჭიღოლაშვილი, ლალი პერტენავა, მარინა ტედეტი
პროგრამული უზრუნველყოფა და დიზაინი: ლადო ონიანი
ხმის ინჟინერია: ლევან ჯავახიშვილი, ლიკა მაჩხიძე
პროექტის ადმინისტრაციული ასისტენტები: ნინი ფალავანდიშვილი, თამთა კუპატაძე
პროექტის შესახებ ტექსტის ავტორები: თამუნა ჭაბაშვილი, აგნეშკა დუდრაკი, ტექსტის რედაქტორი: ჟერომ ტუე
წჯსკ სარედაქციო კოორდინატორი: სოფიო ელიზბარაშვილი
განსაკუთრებული მადლობა: კლერ ჯინს, ვესნა მადჯოსკის, ადი ჰოლანდერს